პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი კარლ ჰარცელს შეხვდა. ევროკავშირის ელჩთან საუბარი შეეხო განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მიერ სესიაზე ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის საჯაროდ გამოცხადებას.
კარლ ჰარცელი ფაქტს სოციალური ქსელით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წულუკიანის ქმედებას არაეთიკურად თვლიდა, რადგან პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია.
"შეხვედრა იყო საინტერესო და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნაყოფიერი, იმიტომ, რომ ამ შეხვედრის დროს გაირკვა როგორც მან აღნიშნა, რომ მისი გუშინდელი განცხადება ჩემთან დაკავშირებით და ჩემს პოლიტიკურ განცხადებასთან დაკავშირებით არის მისი პირადი პოზიცია, მისი პირადი აზრი, რაც, რა თქმა უნდა ნიშნავს და დადასტურდა კიდეც, რომ ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ იგივე პოზიციაზეა, თუმცა დღევანდელი შეხვედრით მოხარულია, რადგან მხარეებს ერთმანეთის პოზიციების ესმით.
"მივესალმები შეხვედრას. ჩემი აზრით ყოველთვის კარგია მოლაპარაკებების გამართვა. ვიცით, რომ ის არ იყო მოხარული ჩემს მიერ გუშინ გაკეთებული კომენტარებით. ჩვენ გვქონდა შანსი განგვეხილა ეს და დავრწმუნებულიყავით, რომ ორივე მხარეს ესმის ერთმანეთის პოზიცია. ამ მოლაპარაკებების გამართვა სასარგებლოა. მოლაპარაკებები გაიმართა დახურულ კარს მიღმა, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენ გავიგეთ ერთმანეთის პოზიციები.
ჩემთვის ამგვარი საკითხები არის ფართო საკითხი და ეხება ტონალობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ის, თუ როგორ ხდება ამის წარმოჩენა მედიაში. მე მაქვს კონკრეტული შეხედულებები, თუ როგორ უნდა წარიმართოს პოლიტიკური დისკუსია. შეხვედრის შესახებ მეტს ვერაფერს ვიტყვი. დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია ვიფიქროთ, როგორ წარიმართება დისკუსია," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.