პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, საარჩევნო რეფორმის განსახორციელებლად შექმნილი ჯგუფის მუშაობაში ჩაერთოს.
როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ოპოზიცია ამ მომენტისთვის არა საქმის კეთებით, არამედ პარტია "მოქალაქეების" ქმედებების კომენტირებით არის დაკავებული:
"ჩვენ რომ ხელი მოვაწერეთ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციური აქტია უკვე და იმას ვერავინ ვერ შეცვლის, 10 მცნებაა და რაღაც სახარებისეული ჭეშმარიტება. არა, ჩვენზე უკეთესი პუნქტები შეიტანონ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდაზე. რას ვხედავთ, ჩვენ რაღაცებს ვაკეთებთ და სხვები უბრალოდ ჩვენი კომენტატორები არიან. ნუ კომენტატორობენ, წავიდნენ და იპოლიტიკოსონ. ხომ უნდოდა პრემიერ-მინისტრობა ვაშაძეს, გვანახოს როგორი ყოჩაღია, მივიდეს შეხვდეს "ქართულ ოცნებას", უკან დაახევინოს, გააუმჯობესოს ის პუნქტები, ღმერთმა ხელი მოუმართოს," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნებისა" და "მოქალაქეების" მიერ ხელმოწერილ მემორანდუმში ასახული პუნქტების კანონპროექტებად გარდაქმნაზე სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმუშავებს. ამ მამორანდუმის საფუძველზე "ქართულმა ოცნებამ" მასშტაბური საარჩევნო რეფორმა დააანონსა.