კიდევ ერთი კომისია პარლამენტში - საგამოძიებო ჯგუფმა უნდა შეისწავლოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას დაშვებული დარღვევები და გადაცდომები. რეგლამენტის მიხედვით, კომისიის წევრთა უმრავლესობა უნდა იყოს ოპოზიციონერი.
თუ გამოძიების პროცესში "ნაციონალური მოძრაობა", "ევროპული საქართველო" და "პატრიოტთა ალიანსი" არ მიიღებს, კომისიის წევრობას არ აპირებს ალეკო ელისაშვილი. თუმცა, არც ერთი პარტია კომისიაში მუშაობას არ აპირებს.
პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ კომისიაში ჩართვის საკითხს არც კი განიხილავენ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან ბეჟაშვილი საგამოძიებო კომისიის შექმნა და გამოძიების ჩატარება არჩევნებიდან თითქმის სამი თვის შემდეგ არარელევანტურია.
"მთელი ეს პერიოდი ჟვანიამ და მისმა შემადგენლობამ პრაქტიკულად მოანდომეს არჩევნების შედეგების გადაწერაში. ერთადერთი მტკიცებულება არის ჩვენს მიერ წარდგენილი საჩივრები, დაახლოებით 700-მდე საჩივარი და ვიდეო მტკიცებულებები. ამ შემთხვევაში, მთავარი გამოსავალი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით," - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.
საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელი". გიორგი ვაშაძე კომისია რეალურად ქართული ოცნების მიერ არის შექმნილი და ამით ხელისუფლება ხელოვნურად საკუთარი პოზიციების გამყარებას შეეცდება.
"ამ კომისიაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ეს კომისია არის შექმნილი ფაქტობრივად ქართული ოცნების მიერ და მათ უნდათ ახლა შექმნან ხელოვნური პროცესი, რითაც საკუთარ პოზიციებს გაამართლებენ. მე ვფიქრობ, საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. ამის არაერთი ფაქტი გვაქვს წარდგენილი," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" წევრის, გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, თუკი ასეთი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, ამ შემთხვევაში მასში ჩართული უნდა იყოს როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია. მისი თქმით, დღეს პარლამენტში ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი, შესაბამისად, მსგავსი კომისია ვერ იქნება ლეგიტიმური.
"თუ ასეთი კომისიის არსებობს აუცილებლობა მაინც დადგება და შევთანხმდებით იმაზე, რომ ასეთი კომისია საჭიროა, მაშინ უნდა იყოს ჩართული როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიცია. დღეს პარლამენტში მხოლოდ ხელისუფლებაა წარმოდგენილი, რეალური ოპოზიცია დღეს პარლამენტში არ არის და არის მის გარეთ ბოიკოტის რეჟიმში. ვერანაირი საგამოძიებო კომისია ვერ იქნება ვერც ლეგიტიმური და ვერც ობიექტური," - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" აღმასრულებელი მდივნის გოჩა თევდორაძის თქმით, ალეკო ელისაშვილი მაინც მოძებნის საბაბს იმისათვის, რომ კომისიის მუშაობაში ჩაერთოს.
"ელისაშვილმა ერთხელ უკვე ეძება მიზეზი და საბაბი პარლამენტში შესულიყო. აისრულა თავისი ოცნება, ახლაც მიუხედავად იმისა, მიიღებს ამაში მონაწილეობას სხვა პოლიტიკური ძალები, მათ შორის პატრიოტთა ალიანსი თუ არა, ალბათ მოძებნის საბაბს და მონაწილეობას მიიღებს ასეთი კომისიის მუშაობაში, რომელიც ხელისშემწყობი იქნება ხელისუფლებისთვის ამ ე.წ. გაპრავებისთვის რაც სურს ახლა ხელისუფლებას," - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.