17 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
იმისათვის რომ არ იყოს ზედაპირული და მოჩვენებითი შემოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა საგამოძიებო კომისიის მუშაობაში - შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე

პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას აზრი არ აქვს იმის გამო, რომ შესაბამისი რეაგირება არც არჩევნებზე დაწერილ საჩივრებს მოჰყოლია, "ქართულ ოცნებაში" პასუხობენ. მმართველი პარტიის წევრის, დეპუტატ შალვა პაპუაშვილის თქმით, შესაბამისი რეაგირება ყველა ისეთ საჩივარს მოჰყვა, რომელიც უფლებამოსილი პირის მიერ, კანონის შესაბამისად იყო წარდგენილი და ამის შედეგია უბნების გადათვლაც:

"ამ არჩევნებზე დაახლოებით 1500-მდე საჩივარი დაიწერა, აქედან ნახევარი დაწერეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა ნახევარი პარტიებმა. თუკი შევადარებთ წინა არჩევნებს არასამთავრობოების საჩივრები თითქმის იგივეა, პარტიების საჩივრები კი გაზრდილია რამდენჯერმე, რითიც ჩვენ გვინდა იმის თქმა, რომ სპეციალურად იყო დაწერილი ბევრი საჩივარი, იმისთვის რომ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ საქმე გვქონდა რაიმე დიდ დარღვევებთან. რაც შეეხება განხილვების სტატისტიკას, არასამთავრობო ორგანიზაციებს საჩივრების თითქმის 80% განხილული იქნა. ჩვენი ოპონენტები საჩივრების განუხილაობაზე საუბრობენ, როდესაც დარღვევითა რის საჩივარი წარდგენილი, მას კომისია საერთოდ არ განიხილავს, ჩვენი ოპონენტი პარტიების საჩივრების 80% კი იყო დარღვევით წარდგენილი, არაუფლებამოსილი პირის მიერ. რაც შეეხება შედეგებს, არასამთავრობოების საჩივრების 40% დაკმაყოფილდა. საჩივრების დაკმაყოფილების შედეგად არის, რომ 39 უბანი გაიხსნა და გადაითვალა, ეს არ მომხდარა საქართველოში არასდროს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში.

წამყვანის კითხვაზე, საარჩევნო ურნაში ბიულეტენის ჩაყრის ფაქტები, რომლებიც კადრებშიც არის დაფიქსირებული არის თუ არა გამოძიებული და რა არის შედეგი. შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ასეთ ფაქტებს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა, თუმცა საგამოძიებო კომისიის შექმნა იმის გამოც არის საჭირო, რომ არსებულ კითხვებს საბოლოოდ გაეცეს პასუხი:

"სწორედ ასეთი ფაქტები რომ არის, ამიტომაც იქმნება საგამოძიებო კომისია და ეს კონკრეტული ფაქტი მაგალითად აუცილებლად იქნება საგამოძიებო კომისიის განხილვის საკითხი, იმისათვის რომ ეს არ იყოს ზედაპირული და მოჩვენებითი, შემოვიდნენ და არ იყვნენ ზედაპირული და მოჩვენებითი, მათ ხელშია ეს ყველაფერი, არიან პარლამენტის წევრები და შეუძლიათ ჩვეულებრივად მიიღონ მონაწილეობა ამ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები