რა გამოწვევებს ხედავს გლობალურ პოლიტიკასა და უსაფრთხოებაში ამერიკის 46-ე პრეზიდენტი - დღეს ჯო ბაიდენმა პრეზიდენტის რანგში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ხედვა პირველად უნდა წარადგინოს, მას შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში აქვს ჩანიშნული, რის შემდეგაც ბაიდენი ბრიფინგზე ისაუბრებს.
მოხვდება თუ არა პრიორიტეტებში საქართველო და რა მოლოდინი აქვთ თბილისში. ექსპერტები ამბობენ, რომ აშშ თავის მოკავშირეებთან აქტიურ მუშაობას აპირებს და საქართველომ ეს სიტუაცია სწორად უნდა გამოიყენოს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღმა არ აღმოჩნდეს.
"ამერიკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის მის მოკავშირეებთან ერთად რეგიონალურ თუ გლობალურ საკითხებზე მუშაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული, ევროპის მიმართულებით და ასევე იმ ქვეყნებთან რომლებიც აშშ-ის მოკავშირეებად ითვლებიან. სწორედ ეს არის ჩვენი შესაძლებლობა. ეს პროცესი ახლა იწყება და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს არ ჩაეძინოს, სწორად აღიქვას სიტუაცია და საქართველოს სახელმწიფოსთვის მოსაგები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღმა არ აღმოჩნდეს," - განაცხადა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა.
საქართველოს მხრიდან აქტიურობის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი თენგიზ ფხალაძეც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას რუსეთისა და კრემლის პოლიტიკის მიმართ რაიმე ილუზია არ აქვს და კარგად იციან რასაც წარმოადგენს პუტინი და მისი მეთოდები:
"ბაიდენის ადმინისტრაცია არის ის ადმინისტრაცია, რომელსაც არ აქვს არანაირი ილუზია რუსეთის მიმართ, არ აქვს არანაირი რომანტიზმი და ძალიან კარგად იცის რა არის რუსეთის ფედერაცია. იცის როგორ მოქმედებს კრემლი, პუტინი, რა ინსტრუმენტები აქვს და რა მეთოდები აქვს. ამიტომ ყოველივე ამის გათვალისწინებით ბაიდენი და მისი გუნდი აწყობს საგარეო პოლიტიკას, რომლის პირველ შედეგებსაც უკვე ვხედავთ და მომავალში უფრო ინტენსიურად დავინახავთ. ხედვა ვაშინგტონიდან ყოველთვის უკავშირდება დიდ სურათს, უკავშირდება დიდ რეგიონს და იმისათვის, რომ იქიდან კარგად იქნას დანახული დეტალები ამისთვის აქ ჩვენი აქტიურობა არის საჭირო," - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.