პარლამენტში შესული "მოქალაქეები" ახლა უკვე საგამოძიებო კომისიაში შესვლაზე ფიქრობენ. ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი ალეკო ელისაშვილისთვის ამ საკითხშიც ერთგვარ ბარიერად იქცა.
მუშაობაში ჩართვას არ აპირებენ პარლამენტს გარეთ მყოფი ის პარტიები, რომლებიც პარლამენტს შიგნით კომისიის შემადგენლობის განმსაზღვრელია "მოქალაქეებისთვის". ოპოზიციური ძალები ელისაშვილის განცხადებას სკეპტიკურად უყურებენ და საგამოძიებო ჯგუფში მონაწილეობას არ განიხილავენ.
ხელისუფლებას სურს კომისიამ არჩევნების გაყალბების ბრალდებებს სამართლებრივი შედეგით უპასუხოს. ასე განმარტავენ მმართველ გუნდში კომისიის შექმნის იდეას, რომელსაც რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ოპონენტებისთვის გაკეთებულ ერთადერთ შეთავაზებას უწოდებენ.
შეთანხმებისა და მე-5 რაუნდის გამართვის პერსპექტივას მხარეებს შორის საერთო სივრცის გამონახვა განსაზღვრავს, დიალოგის პროცესში კი საგამოძიებო კომისიის საკითხის განხილვა შესაძლებელია - ასეთია მოლაპარაკების მთავარი ფასილიტატორის მოსაზრება.