ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილების გამო ოფიციალურმა თბილისმა ერგნეთში IPRM-ის შეხვედრა მოითხოვა - ამის შესახებ "დღის კურიერის" ეთერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, გარდა ამისა, ასევე, არის დაგეგმილი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში და სხვა პარტნიორებთანაც.
"IPRM-ის შეხვედრები მოთხოვნილია თავისთავად და გარდა IPRM-ის შეხვედრებისა, უახლოეს მომავალში გაიმართება ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში, ასევე ჩვენ გვქონდა შესაბამისი კონსულტაციები ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, ასევე სხვა პარტნიორებთან და რა თქმა უნდა, იგივე მინდა როგორც ზაზა გახელაძის ოჯახს, ასევე, მთელს საზოგადოებას ვუთხრა, რომ საქართველო არ აპირებს თავისი მოქალაქეების მიტოვებას, პირიქით, ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული, რათა რაც შეიძლება დროზე დასრულდეს ეს პროვოკაციები და ჩვენი მოქალაქეები და პირველ რიგში, ბატონი გახელაძე დაუბრუნდეს თავის ოჯახს," - აცხადებს ლაშა დარსალია.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს, რომელიც ე.წ საზღვრის გადაკვეთის ბრალდების გამო უკანონო პატიმრობაში იმყოფება 12.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.