17 ნოემბერი 2024,   10:45
ვრცლად
საქართველოს ეძლევა შანსი, გახდეს ევროპული უსაფრთხოების ერთ-ერთი დასაყრდენი მოკავშირე დასავლეთისთვის შავი ზღვის რეგიონში - ექსპერტები

ანალიტიკოსების შეფასებით, ის ფაქტი, რომ ჯო ბაიდენმა პირველივე უწყებად, რომელიც მოინახულა,  სახელმწიფო დეპარტამენტი შეარჩია, უკვე გულისხმობს თუ რამდენად დიდ გათვლას აკეთებს ის დიპლომატიურ მისიებზე.

ექსპერტების განცხადებით, ქართულმა დიპლომატიურმა მისიებმაც უნდა იაქტიურონ, რადგან თვლიან, რომ სწორედ ახლა არის შანსი, ევროპულ უსაფრთხოებაში საქართველომ მნიშვნელოვანი როლი მოირგოს და ამ მიმართულებით მას შტატების დახმარება დასჭირდება.

"ბაიდენის ადმინისტრაცია, რომელიც ძალიან კარგად იცნობს საქართველოს, ძალიან კარგად იცნობს რუსეთს და ის გლობალური სურათი, მათ შორის რეგიონალური როგორც გადანაწილდა 2021-სთვის, საქართველოს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ გახდეს ევროპული უსაფრთხოების ერთ-ერთი დასაყრდენი მოკავშირე დასავლეთისთვის შავი ზღვის რეგიონში და ამაზე აქტიურად უნდა ვიმუშაოთ," - აცხადებს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ექსპერტი ვანო მაჭავარიანი.

საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორსა და სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ექსპერტ გია ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ საქართველოს საერთაშორისო დღის წესრიგში დაბრუნება კარგია, მაგრამ უმჯობესი იქნება ზომიერი მოლოდინების რეჟიმში ვიყოთ.

"საქართველო ბრუნდება ამერიკის შეერთებული შტატების დღის წესრიგში, საქართველო ბრუნდება საერთაშორისო დღის წესრიგში. ახლა ნუ გვექნება რაღაცა განსაკუთრებული მოლოდინები, ვიყოთ ზომიერი მოლოდინების რეჟიმში. ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში დავბრუნდეთ საერთაშორისო დღის წესრიგში იმიტომ, რომ დასამალი არ არის, რომ ფაქტობრივად 2013 წლიდან ჩვენ ამოვარდნილები ვართ," - აცხადებს გია ჯაფარიძე.

ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა სახელმწიფო მდივანმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტელეფონით ისაუბრეს. საუბრისას თემა საქართველოს საკითხსაც შეეხო.

ოფიციალური ვაშინგტონის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მინისტრ ლავროვთან, შეერთებული შტატების 2020 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე, უკრაინასა და საქართველოში სამხედრო აგრესიაზე, ალექსეი ნავალნის მოწამვლასა და "სოლარვინდსის" ინციდენტზე ისაუბრა.

ორი დიპლომატის საუბრის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა, თუმცა, მათ ინფორმაციაში საქართველოზე საუბრის შესახებ ნახსენები არ არის.

დღის ამბები