მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ ოპონენტებს არჩევნების გაყალბების დასამტკიცებლად უფრო მეტად დამაჯერებელი არგუმენტების წარდგენა მოუწევთ, ოპოზიციის წევრები პასუხობენ. მათი თქმით, ამის მტკიცებულებები არსებობს, მათ შორის ისინი, რომელსაც ოპოზიცია ასაჯაროებდა.
აქვე, ოპოზიცია საკუთარი დამკვირვებლების მოსყიდვაზე საუბრობს. მათი განცხადებით, მეთვალყურეთა ნაწილზე ზეწოლა განხორციელდა, ნაწილმა კი უარი თქვა ოქმების ხელმოწერაზე. ისეთ ოქმებზე კი, სადაც მათი ხელმოწერებია, გაყალბებულია.
თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ასეთ შემთხვევებს პროკურატურა უნდა იძიებდეს, რადგან ხელმოწერების გაყალბება მძიმე დანაშაულია.
"უამრავი მტკიცებულება არსებობს, მათ შორის, რომელსაც ჩვენ ვასაჯაროებდით არჩევნების დღეს და მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში. უმრავლესობამ ჩვენი კომისიის წევრებმა არ მოაწერეს აღნიშნულ ოქმებს ხელი. ძალიან ბევრგან განხორციელდა ზეწოლა ამ ადამიანებზე, ხოლო მთელი რიგი შემთხვევები იყო, სადაც ხელმოწერები არის გაყალბებული და ამას რეალურად უნდა იძიებდეს საქართველოს პროკურატურა, იმიტომ, რომ ხელმოწერების გაყალბება არის ძალიან მძიმე დანაშაული,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი აკაკი ბობოხიძე მათი მეთვალყურეების მოსყიდვაზე საუბრობს.
"მათ ადამიანები მოისყიდეს. ზუსტად ამ კითხვას ვსვამთ ჩვენც, რატომ მოაწერეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელი. ჩვენი მეთვალყურეები თუ მოისყიდეს, ეს ამსუბუქებს მდინარაძის დანაშაულს? დანაშაული არის მოსყიდვა და ეს დანაშაული ჩაიდინა მომსყიდველმაც და მოსყიდულმაც. ორმხრივია, თუმცა დანაშაულის სუბიექტები არიან "ქართული ოცნება" და მოსყიდული ინდივიდი და არა რომელიმე პოლიტიკური პარტია,“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის თქმით, საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას მიიღებს, თუკი ოქტომბერში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნება.
"დანიშნონ რიგგარეშე არჩევნები ოქტომბერში და მე შევალ პარლამენტში და მივიღებ ამ კომისიაში მონაწილეობას,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.
განცხადება გააკეთა პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ.
"მინდა კითხვა დავუბრუნო "ქართულ ოცნებას", ჩვენს მიერ ყველა შესაძლო სამართლებრივი გზით წარდგენილი საჩივრები საშინელი დარღვევების თაობაზე არ ყოფილა განხილული. რატომ ამბობს "ქართული ოცნება", რომ დღეს იქნება რომელიღაც განხილული და რატომ უნდა იყოს ეს მაინცდამაინც ამ ლეგიტიმაციას მოკლებულ პარლამენტში,“ - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ამავე თემაზე საუბრობს პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.
"მე მგონი სწორი შენიშვნაა ბატონი მდინარაძის და პასუხს მოითხოვს, მეც ველოდები ჩემი კოლეგებისგან პასუხს. მართლა თუ დროა გასული, რის გამოც ჭეშმარიტების დადგენა შეუძლებელია, ეს შეიძლება იყოს არგუმენტი. უბრალოდ ჩემი აზრით, უფრო ღრმად არის შესწავლა საჭირო, რომ ეს დაგვიჯერონ, რომ ისე დაალაგა "ქართულმა ოცნებამ" ყველაფერი, რომ მათში ხარვეზების პოვნა უკვე აღარ შეიძლება, რაც თავისთავად, საეჭვო არგუმენტია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვიცნობთ "ქართულ ოცნებას" და ვიცით მათი რეფორმატორული, მენეჯერული და ა.შ. უნარების შესახებ,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.