"ქართული ოცნება" ოპონენტებს მოუწოდებს, არჩევნების გაყალბების ბრალდებაზე მათი არგუმენტები საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გაამყარონ. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს, როდესაც ოპოზიციის 11 ათასზე მეტი დამკვირვებელი პროცესის უშუალო მონაწილე იყო და მათი თანხმობა, რომ ოქმები რეალურია, ხელმოწერებით არის დადასტურებული.
ოპოზიციის ვერსიით, მათი დამკვირვებლების დიდი ნაწილი მოისყიდეს, ნაწილზე ზეწოლა მოახდინეს, დანარჩენების ხელმოწერები კი გააყალბეს.
რატომ არ ასაჯაროებენ გაყალბების შესახებ მტკიცებულებებს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში? - კითხვაზე ოპოზიციის პასუხი, არჩევნებიდან გასული დროა. პოლიტიკურ პარტიებში განმარტავენ, რომ ოქმები გადაწერილია, სიმართლის დადგენის პოლიტიკური ნება კი არ არსებობს.
საპარლამენტო უმრავლესობისთვის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მტკიცებულება ოქმებზე ოპოზიციის წარმომადგენელთა ხელმოწერაა.
2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად მაინც იქმნება. რა შემადგენლობით და რა რაოდენობის დეპუტატებით იმუშავებს საგამოძიებო ჯგუფი, ეს ორ კვირაში დაზუსტდება.