"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ როდესაც მან სამაჯური მოიხსნა, პროკურატურა ვალდებული იყო ამაზე, მყისიერი რეაგირება ჰქონოდა.
"როდესაც ეს უსამართლობის სიმბოლო სამაჯური მოვიხსენი, პროკურატურა ვალდებული იყო მოსულიყო ჩემთან სახლში 2 ნოემბერსვე და კანონისმიერი მოთხოვნა წაეყენებინა და ეთქვა, რომ არასწორად მოიქეცი და აი შენ, ახალი სამაჯური, მოდი, უნდა გაგიკეთოთო, ან ეს უნდა გაეკეთებინა, ან თუ კანონი დავარღვიე, უნდა დავეპატიმრებინე. ამის ნაცვლად, პროკურატურა წავიდა სასამართლოში და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მელიას წელიწადნახევარი სამაჯური გავუკეთეთ და ამით დადიოდაო, ვიფიქრეთ და ეს სამაჯური არაეფექტური ღონისძიება იყოვო.
გავიდა იმის შემდეგ სამი თვე და ვიღაცას იდეა დაებადა, რომ მელიამ 40 000 ლარი გადაიხადოს გირაოს სახითო,"-აღნიშნა ნიკა მელიამ.
ნიკა მელიას თქმით, მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა ხორციელდება და თუკი თვლიან, რომ დასაჭერია, მაშინ ის, 2 ნოემბერსაც უნდა დაეჭირათ, რადგან მათი გადმოსახედიდან, კანონი დაარღვია.
"ვერ დამიჭერენ ნამდვილად და თუ თვლიან, რომ დასაჭერი ვარ, უნდა დამიჭირონ და ერთი ვნახოთ, როგორ დამიჭერენ. იმიტომ რომ, მათ მშვენივრად იციან, ახორციელებენ პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას. დასაჭერი მათი გადმოსახედიდან, რომ ჰკითხოთ, თითქოს სამართალს ვარღვევ და ვეწინააღმდეგები კანონის მოთხოვნებს, 2 ნოემბერსაც დასაჭერი ვიყავი. როგორ, ვიღაც კადნიერი ადგა რუსთაველის გამზირზე, სცენაზე ავიდა და სამაჯური მოიხსნა და გადმოაგდო, თუ მე კანონი დავარღვიე, რატომ არ დამიჭირეს. მეტიც, თქვეს რომ მართალი ყოფილაო მელია. პროკურატურამ ეს უთხრა სასამართლოს, სამაჯური რომ გადააგდო, მართალი ყოფილაო,“ - ამბობს ნიკა მელია.