ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს ამბიციური პოლიტიკური მიზნები ასეთივე ამბიციურ დემოკრატიულ სტანდარტებსაც შეესაბამებოდეს. როგორც ევროპარლამენტარმა "კურიერთან" ინტერვიუში აღნიშნა, საქართველოში პოლიტიკური კულტურა არ არის მომწიფებული, რაც აბსოლუტურად მიუღებელია ევროპასთან ინტეგრაციის თვალსაზრისით.
"10 დღის წინ ევროპარლამენტში ჩვენ საკმაოდ საინტერესო დიალოგი გვქონდა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან და მან საუბარში ხაზი გაუსვა ფაქტს, რომ საქართველოს აქვს მაღალი პოლიტიკური ამბიციები. რა თქმა უნდა ჩვენ ამას ვიზიარებთ, თუმცა მნიშვნელოვანია რომ ამბიციური პოლიტიკური მიზნები ასეთივე ამბიციურ დემოკრატიულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ბოლო დღეების განმავლობაში კი ჩვენ აღმოვჩნდით დიდი სირცხვილის პირისპირ, ეს კი ნამდვილად ტრაგედიაა, რადგან ჩვენ ყველა საქართველოს მეგობრები ვართ და მტკიცედ ვუჭერთ მხარს თქვენი ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებას. როგორც ვხედავთ პოლიტიკური კულტურა საქართველოში არ არის მომწიფებული, რაც აბსოლუტურად მიუღებელია," - აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.
ვიოლა ფონ კრამონი აღნიშნავს რომ, ქვეყნის პარლამენტში პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება გაუფრთხილებლად ირღვევა, ფაქტის დაგმობის გამო კი ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი თავდასხმის ობიექტი გახდა.
"ამბიციურ დემოკრატიულ სტანდარტებში ვგულისხმობ იმას რომ ქვეყნის პარლამენტში პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება გაუფრთხილებლად ირღვევა. როცა ჩვენმა ელჩმა ღია პლენარულ სხდომაზე მომხდარი ფაქტი გააკრიტიკა რაც, ყოვლად მიუღებელი გზით მოხდა, ის მოგვიანებით თავდასხმის ობიექტი გახდა, სრულიად სამარცხვინო გზით, ეს ჩვენთვის წითელი ხაზის გავლება იყო. როცა ვინმეს რამეში დაადანაშულებს და მის დისკრედიტაციას მოახდენს, იყენებ სიტყვებს რაც აბსოლუტურად მიუღებელი და სამწუხაროა. ვხედავთ რომ პოლიტიკურ კულტურაში არაკორექტულ ინსტრუმენტს იყენებენ და ეს ძალიან საშიშია. ჩვენ ელჩი თბილისში ყველაზე მეტად ინტეგრირებული და ინკლუზიური იყო ყველაფერში, მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ სხვადასხვა პარტიები ერთ მაგიდასთან დაესვა, გახდა მთავარი სამიზნე პოლიტიკური პოლარიზების, რაც ჩვენთვის ასევე მიუღებელია," - აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.
ამ შეფასებით, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი 2 თებერვალს განათლების კომიტეტის თავმჯდომარის თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის სესიაზე ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომრის საჯაროდ გამოცხადებას გამოეხმაურა.
მანამდე კი ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფაქტი სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებით დაგმო, სადაც აღნიშნა, რომ წულუკიანის ქმედებას არაეთიკურად თვლიდა, რადგან პირადი ინფორმაციის კონფიდენციალობის უფლება ფუნდამენტური საკითხია. ამის შემდეგ წულუკიანი და ჰარცელი საკითხის განსახილველად ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ იგივე პოზიციაზეა, თუმცა შეხვედრით მოხარულია, რადგან მხარეებს ერთმანეთის პოზიციების ესმით. თავის მხრივ, წულუკიანმა კი, განაცხადა, რომ მის პოლიტიკურ განცხადებასთან დაკავშირებით ჰარცელმა პირადი პოზიცია გამოხატა და ეს არ არის ევროკავშირის პოზიცია.