ევროპარლამენტარები საქართველოს დემოკრატიის ხარისხს უწუნებენ - ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს პარლამენტში თეა წულუკიანის გამოსვლა გააპროტესტეს. 6 ევროპარლამენტარის ერთობლივი წერილის შემდეგ 2 თებერვალს მომხდარი ფაქტი დღეს "კურიერთან" ინტერვიუში ვიოლა ფონ კრამონმაც გააკრიტიკა. ევროპარლამენტარების რეაქციას ოპოზიციაში უკვე მოჰყვა შეფასებები.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა გოგოლაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტის წევრების წერილში საკმაოდ მკაფიოდ არის მოწოდებული ხელისუფლების წევრების მიმართ, არ ჩაერიონ ადამიანის პირად ცხოვრებაში.
"ევროპარლამენტარების წერილი არის საკმაოდ მკაფიო მოწოდება და ამავდროულად გაფრთხილება მოქმედი ხელისუფლების წევრების მიმართ, რომ ისინი არ უნდა ერეოდნენ ადამიანის პირად ცხოვრებაში, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება მედიის წარმომადგენლებს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევა ამ ხელისუფლების ხელწერად არის ქცეული. წერილი ასევე შეიცავს მნიშვნელოვან მესიჯს, რომ საქართველომ დიდი ხანია გადაუხვია დემოკრატიულ ღირებულებებს. გამოსავალი არის ერთადერთი, ხელისუფლების სწრაფი ცვლილება, რომ ქვეყანა დავუბრუნოთ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზას," - განაცხადა ანა გოგოლაძემ.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირაკლი კიკნაველიძე დადებითად აფასებს ფაქტს, რომ თეა წულუკიანის გამოსვლას და პირადი ინფორმაციის გასაჯაროებას ევროპარლამენტარებისგან რეაგირება მოჰყვა.
"კარგია, რომ მსგავსი რეაქცია მოყვა ევროპარლამენტარებისგან, იმიტომ რომ მსგავსი ფაქტების არ აღნიშვნა და რეაქციის არ მიცემა იწვევს მხოლოდ და მხოლოდ წახალისებას, იმიტომ რომ ეს არის ხელისუფლების ინსტინქტი და იმედია ამის შემდეგომ უფრო მკვეთრ და ნათელ შეფასებებს მოვისმენთ ამ ხელისუფლების ნაბიჯებთან, ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ემსახურება ამ ქვეყანაში პოლარიზაციას, დაყოფას, დაგლეჯას ერთმანეთის და არაფერს იმას, რაც ამ ქვეყანას რეალურად სჭირდება," - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.
ვიოლა ფონ კრამონის განცხადებამდე, გუშინ ევროპარლამენტის ექვსმა წევრმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც წულუკიანის გამოსვლაა შეფასებული. ინტერესი გამოიწვია თეა წულუკიანის სიტყვით გამოსვლამ პარლამენტში, სადაც მან ოპონენტის პირადი ინფორმაცია გაავრცელა. წერილში წერია, რომ მომხდარი ფაქტი არასასიამოვნო და არაეთიკურია.
ევროპელი პოლიტიკოსები პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს მიმართავენ. ისინი უარყოფითად აფასებენ ასევე, ევროკავშირის ელჩისთვის ახსნა-განმარტების მოთხოვნას მას შემდეგ, რაც კარლ ჰარცელმა იუსტიციის ყოფილი მინისტრის პარლამენტში გამოსვლა კრიტიკულად შეაფასა.