19 მაისი 2024,   14:22
ვრცლად
მოძრაობა "სოცაფეთქება" შეკრებისთვის ემზადება - ბიზნესსფეროს წარმომადგენლები შეზღუდვების მოხსნას მოითხოვენ

მოძრაობა "სოცაფეთქება" შეკრებისთვის ემზადება. საპროტესტო ტალღა, რომელშიც სხვადასხვა ბიზნესსფეროს წარმომადგენლები არიან გაწევრიანებულები, ხელისუფლებისგან შეზღუდვების მოხსნას სრულად მოითხოვენ.

რეგულაციების ნაწილობრივ გაუქმებას ისინი უსამართლოდ აფასებენ. საკუთარ ხედვას აქციის მონაწილეები რამდენიმე საათში კიდევ ერთხელ პარლამენტთან გააჟღერებენ.

"ჩვენ დროებით გადმოვალთ პარლამენტთან, რადგან ვთვლით, რომ ეს ფუნქცია უნდა დაუბრუნდეს პარლამენტს. არ შეიძლება რაღაც ესე საკოორდინაციო საბჭოს მიეცეს ამხელა უფლება და ასე უგუნურად იქცეოდეს. დაუყოვნებლივ უნდა გაიხსნას ტრანსპორტი, მოუხსნას კომენდანტის საათი, რომელიც არავითარ ფუნქციას არ ასრულებს და ნელ-ნელა დაუბრუნდეს ქვეყანა ჩვეულ რიტმს, თუმცა რა თქმა უნდა, რეგულაციებით და ვირუსთან თანაცხოვრებით," - ამბობს მოძრაობის "დაიცავი მთის კურორტები" წარმომადგენელი, გეგი სალუქვაძემ.

აქციას უერთდება ტურისტულ სააგენტო "რაფიკ თრეველი", რომლის დამფუძნებელი, ცოტნე ჯაფარიძე, რომელიც შეზღუდვების გაუქმებას ითხოვს. 

"გაუქმდეს ის დრაკონული შეზღუდვები და დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ კოვიდ-დიქტატურა, რომელიც დღესდღეობით ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. აქამდე გამართულმა აქციებმა ასე თუ ისე ოდნავი შედეგი გამოიღო იმ კუთხით რომ გაიხსნა ტრანსპორტი,“ - აღნიშნა ცოტნე ჯაფარიძემ.

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი, შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ რესტორატორების მოთხოვნაა, გარდა გარე სივრცისა, შენობის შიდა სივრცეშიც მიიღონ მომხმარებელი.

"სტუმარმასპინძლობის და კვების ობიექტები ვუერთდებით ამ აქციას, ვუცხადებთ სოლიდარობას და მოვითხოვთ რომ მთის კურორტები რაც შეიძლება სწრაფად, რეგულაციების ფარგლებში გაიხსნას. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, შიდა სივრცეებიც გაიხსნას და რეალურად შესაძლებლობა მიეცეს დღეს ბიზნესს სრულყოფილი მუშაობის, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაგეგმილი აქცია, რომელიც თვითნებურად რესტორნებში სტუმრების მიღებას ნიშნავს, რა თქმა უნდა, ამას გავაგრძელებთ,“ - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ. 

საპროტესტო შეკრებაში მონაწილეებს შორის არიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ტურ-ოპერატორები, ანიმატორები, ბავშვთა გასართობი ცენტრის წარმომადგენლები, ასევე რესტორატორები.

ისინი ითხოვენ, რომ გაუქმდეს მკაცრი ზომები, თუმცა რეგულაციების სრული დაცვით. საპროტესტო აქციის მონაწილეები კომენდანტის საათის მოხსნასაც მოითხოვენ.

დღის ამბები