ბათუმში გამართულ საპროტესტო მსვლელობაზე აქციის 11 მონაწილე დააკავეს. მოგვიანებით, ორი მათგანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელთაგან ერთ-ერთი, "კურიერის" ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე იყო.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რეზო წულუკიძე ყვება, რომ პოლიცია პირდაპირ გადავიდა პროტესტანტების დაკავებაზე და არანაირი გაფრთხილება ან მსგავსი მოწოდება არ ყოფილა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, ხელისუფლება პანდემიას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
"ბევრი ადამიანი დააკავეს, ვერ გეტყვით ზუსტად, რამდენია დაკავებული. ადამიანებს გამოხატვის თავისუფლების უფლებას არ აძლევს პოლიცია, ხელისუფლება ამ პანდემიასაც იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის,"- განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა.
დაკავებულებს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, თბილისის პარალელურად, აჭარაშიც მსვლელობით გააპროტესტეს. აქცია პოლიციასთან სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რაც დაკავებებით დასრულდა.