ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ შალვა შალიკაშვილს აღკვეთის ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სხდომა ამ წუთებში იწყება. სასამართლო პროცესი დისტანციურად იმართება.
შალვა შალიკაშვილის ადვოკატი ნუგზარ ტყებუჩავა აცხადებს, რომ დაცვის მხარე ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ სასამართლოს 30 000 ლარიან გირაოს შესთავაზებს.
"აღკვეთის ღონისძიების სახედ გვინდა შევთავაზოთ სასამართლოს მისი გათავისუფლება 30 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ. მოლოდინი გვაქვს ერთადერთი - სასამართლო იქნება თუ არა მოწოდების დონეზე, განთავისუფლებულია თუ არა ის ძველი მენტალიტეტისგან, იქნება თუ არა ის დამოუკიდებელი, ამაზეა დამოკიდებული მისი გადაწყვეტილება. ის ამბობს, რომ საერთოდ არავითარ შემხებლობა ამ საქმესთან არ აქვს,"- აცხადებს ადვოკატი ნუგზარ ტყებუჩავა.
შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს, ფოთში, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან, ახალგაზრდა მამაკაცი გურამ ახალაია ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. ფაქტზე შალვა შალიკაშვილი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.