2020 საპარლამენტო არჩევნების დარღვევების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნა დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება. ასევე, კანონმდებლები განიხილავენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის საკითხს. პროექტის მიხედვით, ორივე უწყებაში სამინისტროში ამჟამად დასაქმებული თანამშრომლები უკონკურსოდ დაინიშნებიან.
"ჩვენმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროს გამოეყოს კულტურის მიმართულება, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს ამ დარგის მართვა. ამასთან ერთად, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ასევე გამოეყოფა სპორტის და ახალგაზრდობის მიმართულება. მოგეხსენებათ, განათლება და მეცნიერება, ასევე, უზარმაზარი სექტორია, შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყოს ცალკე, მას ჰყავდეს ცალკე მინისტრი, რათა უფრო სწრაფად მოხდეს გადაწყვეტილებების მიღება,"- განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა გიორგი ამილახვარმა.
ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ინიციატივას მიუღებლად თვლის და მიაჩნია, რომ სამინისტროს კვლავ გაყოფა სახელმწიფო თანხის მითვისებისა და ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდისთვის ხდება.
"სამინისტროებს გაყოფენ იმიტომ, რომ სურთ, ჰქონდეთ მეტი ადმინისტრაციული რესურსი, მეტი ხალხი ჰყავთ დასასაქმებელი, მეტი ადამიანები ჰყავთ მოსამადლიერებელი, მეტი ამას არანაირი შინაარსი არ გააჩნია.
თეა წულუკიანმა ბოლო დღეებში რაც აჩვენა საპარლამენტო ტრიბუნიდან, ეს იყო უკულტურობის გამოხატულება და როდესაც ის კულტურის მინისტრად განიხილება, ჩემი აზრით, ეს არის დიდი შეურაცხყოფა ქართველი ხალხისთვის,"-აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე.