საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა თბილისში. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ახლა უმთავრესი ბერკეტი, რომელიც ქართულ მხარეს აქვს, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართვაა.
"ლელო საქართველოსთვის" წევრი ლანა გალდავა საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაეროსა და ეუთოს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანიზაციები გახსნან.
"მოვუწოდეთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანიზაციები, გაეროს, ეუთოსი ისევ გაიხსნას ოკუპირებულ რეგიონებში. ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ საერთაშორისო სანქციების სიაში შესაყვანია დანაშაულებრივი რეჟიმის წარმომადგენლები," - განაცხადა ლანა გალდავამ.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში საერთაშორისო მეგობრები მაქსიმალურად ჩაერთონ.
"ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული ჩვენი საერთაშორისო მეგობრები ამ პროცესში, ეს იქნება ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეები, ეს იქნება ორმხრივი არხები ჩვენი პარტნიორების მხრიდან თუ სხვა ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციების ბერკეტებით," - აცხადებს სერგი კაპანაძე.
"საქართველოს ხელისუფლება, როგორც ვხედავთ, იმის ნაცვლად, რომ მაგალითად გამოაცხადოს, რომ წყვეტს აბაშიძე-კარასინის ფორმატს, რომ მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას გააქტიურებისთვის, ამის ნაცვლად, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს ურთიერთობას რუსეთთან და შესაბამისად, რა თქმა უნდა, არანაირი შედეგი არ დგება," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.