პარტია "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციურ სპექტრში, მათ შორის, "ნაციონალურ მოძრაობაშიც" არიან ადამიანები, რომლებსაც პარლამენტში შესვლა სურთ.
ამის შესახებ ალექსანდრე რაქვიაშვილმა "დღის კურიერის ეთერში" ისაუბრა და დაადასტურა, რომ მის პოლიტიკურ ძალას აქვს კომუნიკაცია "ნაციონალური მოძრაობის" ცალკეულ წევრებთან, რომლებმაც 2020 წლის არჩევნებში დეპუტატის მანდატი მიიღებს:
"ჩვენ ხომ გვქონდა თითქმის ყველასთან კომუნიკაცია, ჩვენ ხომ ვიცით, რომ უდიდეს ნაწილს მართლა უნდა პარლამენტში. ჩვენ ამას დავინახავთ. საბოლოო ჯამში, "ნაციონალური მოძრაობიდან" საუბრობს რამდენიმე ადამიანი, 30-ზე მეტი დეპუტატის პოზიცია ფაქტობრივად არ ვიცით. ყველასთან არ გვქონია, მაგრამ ბევრთან გვქონდა კომუნიკაცია, ამ მიმართულებით გავაქტიურდებით. ისინი არიან პარლამენტარები, ყველაზე მაღალი თანამდებობაა ჩვენს ქვეყანაში, ამაზე მეტი რა უნდა ჰქონდეს პოლიტიკოსს და თუ ამ ადამიანებს არ აქვთ უნარი, რომ თავისი პოზიცია დამოუკიდებლად გამოხატონ და დაიცვან, რა პარლამენტარზე ვსაუბრობთ. ამ დეპუტატებში არიან ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ. მარტო ნიკანორ მელიასთან ხომ არ გვქონდა შეხვედრები, გვქონდა სხვა პოლიტიკოსებთანაც კომუნიკაცია, ჩვენ ვიცით ზოგადი განწყობა პოლიტიკური სპექტრის და დარწმუნებული ვართ, რომ ამ სპექტრში არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით მნიშვნელობა ამ ცვლილების და შეძლებენ თავისი პოზიციის დაფიქსირებას," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.