17 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
ვინ რა უფლება დაარღვია? არსებობს საბოტაჟის უფლება? ასეთ უფლებას საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს - ანრი ოხანაშვილი ზურაბ ჯაფარიძეზე

პარტია"გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი სადეპუტატო მანდატის არგაუქმებით მას უფლებები ეზღუდება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი "დღის კურიერში" გამოეხმაურა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, ოპოზიცია არა პოლიტიკური ბოიკოტის, არამედ საბოტაჟის რეჟიმშია და საბოტაჟის უფლებას საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს:

"ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს მთელი რიგი დემოკრატიული მექანიზმები, როდესაც ხდება საბოტაჟის განხორციელება და არა პოლიტიკური ბოიკოტი, ეს განსხვავებული ასპექტია. კონკრეტული ჯგუფები პირდაპირ საბოტაჟს ახორციელებენ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ამიტომ, ამ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციას აქვს მთელი რიგი დამზღვევი მექანიზმები, რომ საბოტაჟთან მიმართებაში იყოს ასეთი დემოკრატიული ინსტიტუტებით პასუხი გაცემული. ეს მოხდა ამ შემთხვევაში. რაც შეეხება უფლების შესაძლო დარღვევას, კითხეთ ვინც გაასაჩივრა, ვინ რა უფლება დაარღვია? არსებობს ასეთი საბოტაჟის უფლება? ასეთ უფლებას საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს," - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, თუ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს, პარლამენტი და შესაბამისად,  იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მზადაა, სამართლებრივად იდავოს.

დღის ამბები