17 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ბუნებრივი ბარიერით არჩევნები უკვე ჩატარდა - არჩილ თალაკვაძე "გირჩს" პასუხობს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში უპასუხა "გირჩის" ლიდერს, იაგო ხვიჩიას, რომელმაც თქვა, რომ "გირჩი" მზადაა შევიდეს პარლამენტში, თუ "ოცნება" საარჩევნო ბარიერს ნულამდე დაწევს.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ არჩევნები ე.წ. ბუნებრივი ბარიერით უკვე ჩატარდა და ახლა პოლიტიკურმა პარტიებმა პატივი უნდა სცენ ხალხის არჩევანს და შევიდნენ პარლამენტში. 

"ჩემი პასუხი ხვიჩიას არის ის, რომ ბუნებრივი ბარიერით არჩევნები უკვე ჩატარდა და ვინ რა უნდა დადოს, უკვე არჩევნების შედეგებში აისახა. შესაბამისად, რაც ოპოზიციას აქვს დასადები, მათივე ტერმინებით რომ ვთქვათ, ჯერ ის დადოს და პარლამენტში აიღოს პასუხისმგებლობა ოპოზიციურმა პარტიებმა იმაზე, რაშიც მხარდაჭერა სთხოვეს საზოგადოებას.

მეორე, შეგახსენებთ, რომ ასეთივე მკაცრი და პრინციპული მოთხოვნები ჰქონდა ოპოზიციას, რომ 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო პროპორციული არჩევნები იმ მოდელით, რაც ჩვენ ჩავწერეთ 2024 წელზე, რაც 8 მარტის შეთანხმებით დასრულდა. დღეს ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რომ ოპოზიცია მაშინ რასაც უფრო ხმამაღლა ითხოვდა, რასაც დღეს იაგო ხვიჩია ითხოვს, რომ ჩვენ ეს არჩევნები ჩაგვეტარებინა 2024 წლის მოდელით, მაშინ დღეს "ქართულ ოცნებას" პარლამენტში ექნებოდა მეტი პოლიტიკური მანდატი და იაგო ხვიჩია და მისი კოლეგა პოლიტიკური პარტიები საერთოდ ვერ გადალახავდა ბარიერს. შესაბამისად, რაც ჩატარდა ბუნებრივი ბარიერით, ჯერ გვაჩვენონ, რომ პატივს სცემენ ხალხის არჩევანს და პასუხისმგებლობას იღებენ საპარლამენტო პოლიტიკაში მონაწილეობაზე,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები