"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა იმ არგუმენტებზე, თუ რატომ მიაჩნია მმართველ გუნდს ოპოზიციის მიერ განცხადებების დაწერა მანდატების შეჩერების თაობაზე პოლიტიკურ საბოტაჟად.
მისი მტკიცებით, ამ ფაქტს ამყარებს ისიც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა იქამდე, სანამ განცხადებებს დაწერდნენ, პარტიული სიები ჩახსნეს.
"მთავარი მტკიცებულება იმის, რომ ოპოზიციის ბოიკოტი სინამდვილეში საბოტაჟია, არის ის, რომ სანამ განცხადებებს დაწერდნენ, მათ ჩახსნეს თავიანთი პარტიული სიები, საბოტაჟის მტკიცებულებად ესეც გამოდგება. ეს იყო გადაწყვეტილება, არა კონკრეტული პირის ნების გამოვლენა, არამედ ზოგადი გადაწყვეტილება პოლიტიკური საბოტაჟისათვის.
ერთადერთი გამონაკლისი იყო ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა, როდესაც არ იყო ჩახსნილი სიები და ისინი ახლა ფიქრობენ, რომ საბოტაჟის მამტკიცებელ არგუმენტებს ერთით ამცირებს. ამიტომ გადაწყდა, დარწმუნებული ვარ, გაშიფრულია ეს სვლაც. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაც, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იყო, რადგან 51 დეპუტატიდან, რომელმაც დაწერა განცხადება, ერთადერთი იყო ზურაბ ჯაფარიძე, რომლის პარტიასაც დანარჩენი სიის წევრები ჩახსნილი არ ჰყავდა. ისინი ფიქრობენ, რომ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებად, რომელსაც არ მოჰყვა პარლამენტის მხრიდან პოზიტიური გადაწყვეტილება, დაამტკიცებენ უფრო ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევაში, ვიდრე სხვა შემთხვევაში, სადაც სიები ჩახსნილია. ამიტომ, ამ სვლით თავად აღიარეს, რომ ეს არის საბოტაჟი,"-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.