17 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
საქართველოს მხარდამჭერი აქტი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერის დადასტურებაა - დავით ზალკალიანი

ამერიკის კონგრესში, მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარდგენას, პოლიტიკური გამოხმაურებები მოჰყვა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებაა.  

"ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ და ასევე, იმ ღრმა სტრატეგიული თანამშრომლობის, რომელიც შტატებსა და საქართველოს შორის არსებობს.

ის ფაქტი, რომ კონგრესის ახალი შემადგენლობა, კვლავ მნიშვნელოვან ადგილს უთმობს საქართველოს საკითხს, იმაზე მიანიშნებს, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად არის აქტუალური ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონდებლო ხელისუფლების დღის წესრიგში," - აცხადებს  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. 

ამერიკის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ჯერი კონოლიმ და ადამ კინზინგერმა კვლავ წარადგინეს საქართველოს მხარდამჭერი აქტი.

"ამერიკის მხარდაჭერა მისასალმებელია. ჩვენ გავაგრძელებთ კვლავაც თანამშრომლობას, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებაზეა მიმართული. ასეთი განცხადებები, ნათელი გამოვლინებაა იმისა, რომ ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო ძლიერდება,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია კი აცხადებს, რომ განსაკუთრებით ხაზგასასმელია საქართველოს მხარდაჭერის აქტი, სადაც მნიშვნელობა ეთმობა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერას.

"საქართველო ვაშინგტონში სარგებლობს ძალიან მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით, რაც გამოიხატება, როგორც არაერთი სამართლებრივი დოკუმენტით, ასევე პრაქტიკული ნაბიჯებით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია საქართველოს მხარდაჭერის აქტი, სადაც მნიშვნელობა ეთმობა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მხარდაჭერას,"- აღნიშნავს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია. 

დღის ამბები