17 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ნებისმიერი შესვლა და კენჭისყრაში მონაწილეობა გულისხმობს ბოიკოტის შეწყვეტას - ბადრი ჯაფარიძე

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივნის თქმით, ერთდროულად, ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა და რაიმე კონკრეტულ, თუნდაც მნიშვნელოვან ინიციატივაზე კენჭისყრაში მონაწილეობა, ერთმანეთთან იმდენად შეუთავსებელია, რომ ბოიკოტის შეწყვეტის ტოლფასია. ამ განცხადებით ბადრი ჯაფარიძე ხათუნა სამნიძის გადაწყვეტილებას ეხმიანება, სადაც "რესპუბლიკური" პარტიის თავჯდომარე ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ბუნებრივი ბარიერით არჩევნების ჩატარებას დათანხმდება, ის და თამარ კორძაია მზად არიან, ერთჯერადად შევიდნენ პარლამენტში და კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ.

"ცხადია, ნებისმიერი შესვლა და კენჭისყრაში მონაწილეობა გულისხმობს ბოიკოტის შეწყვეტას და შესაბამისად, ამ ორი რამის ერთად შერწყმა მე წარმოუდგენლად მესახება, თორემ რა თქმა უნდა, ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული შეხედულება, მით უმეტეს, არანაირი ვალდებულება არ აქვს ქალბატონ ხათუნა სამნიძეს, რომ ჰქონდეს ზუსტად იგივე შეხედულებები, რაც აქვს ლელოს საქართველოსთვის“. მე ვფიქრობ, სწორედ ეს არის ძალიან განმასხვავებელი ოპოზიციურ პარტიებს შორის, განსხვავებით ქართული ოცნებიდან, სადაც ყველა ერთ ხმაზე უნდა საუბრობდეს. ჩვენ აქ განსხვავებული პარტიები ვართ,  განსხვავებული წარსულის პარტიები და შესაბამისად, განსხვავებული ხედვები გვაქვს," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.  

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ამბობს, რომ მთავარი საკითხი ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ჩამოყალიბებაა.

"რაც შეეხება დავალ ბარიერს, ეს რა თქმა უნდა, არის კარგი და მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივას, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ბოიკოტის შეწყვეტისთვის. ჩვენი შეფასებით, ამ ორი რამის შერწყმა შეუძლებელია, ბოიკოტის რეჟიმი და ერთჯერადად, ან ორჯერადად კენჭისყრაში მონაწილეობა,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძე.

დღის ამბები