გერმანიის ელჩისა და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში მუშაობის შესაძლებლობა ჩნდება. ჰუბერტ კნირშის ინფორმაციით, გერმანიის სოფლის მეურნეობაში საქართველოს მოქალაქეები სეზონურად, მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში დასაქმდებიან.
შეხვედრის შემდეგ ამ თემაზე განცხადებები გაკეთდა. ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ.
"15 თებერვლიდან ჩვენ მოგვეცემა საშუალება დავიწყოთ ჩვენი მოქალაქეების რეგისტრაცია გერმანიაში, სოფლის მეურნეობაში დასაქმების შესახებ. ეს პროგრამა გაგრძელდება მთელი წლის მანძილზე და გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით საქართველოს დასაქმების სააგენტოსაც უკვე გააჩნია საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება, როგორც რეგისტრაციის, ასევე ჩვენი მოქალაქეების უნარების გამოვლენის კუთხით და ვთლით, რომ ეს პროცესი უფრო მეტად უსაფრთხო და ხარვეზების გარეშე წარიმართება, გერმანიის მთავრობა მზად არის განუსაზღვრელი რაოდენობით მიიღოს ჩვენი მოქალაქეები, თუმცა აქვე აუცილებლად უნდა იქნეს განმარტებული რომ ეს არის დროებითი შრომითი მიგრაცია, რომლის ვადები განსაზღვრულია სამი თვით,“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰუბერტ კნირში ამბობს, რომ საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელთანაც გერმანიამ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო.
"მოხარული ვარ, რომ ვიწყებთ ქართველების გერმანიაში დასაქმების პროექტს. საუბარია გერმანიის სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ დასაქმებაზე,. ეს არის იმ ორ წლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგი, რომელიც ერთის მხრივ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და მეორეს მხრივ, გერმანიის დასაქმების სააგენტომ გასწია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში ბევრი ადამიანია, რომელიც ძალიან კარგად იცნობს სოფლის მეურნეობის დარგს და შეუძლია წვლილი შეიტანოს როგორც გერმანიის სოფლის მეურნეობის, ასევე შემდგომ თავისი ქვეყნის მეურნეობის განვითარებაში. გერმანია ამ პროექტს ყველა ქვეყანასთან არ ახორციელებს. მას საქართველოდან ვიწყებთ და პანდემიის გამო წარმოქმნილი დიდი პაუზის შემდეგ, პირველად ვახორციელებთ,“ - აცხადებს ჰუბერტ კნირში.