"რესპუბლიკური პარტის" წევრები მზად არიან, თუკი მმართველი პარტია პარლამენტში დაარეგისტრირებს ნულოვანი ბარიერით პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებულ კანონპროექტს, საკანონმდებლო ორგანოში ერთი კენჭისყრისთვის შევიდნენ. ხათუნა სამნიძე, "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, რომ გამბედაობა გამოიჩინოს და მოსახლეობისთვის მიცემული პირობა ახლა მაინც შეასრულოს.
"რესპუბლიკური პარტია" 2020 წლის არჩვენებზე "ძალა ერთობაშიასთან" ერთად ბლოკში მონაწილეობდა და 2 მანდატი მიიღო. ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია დღეს ამბობენ, რომ ისინი არ წყვეტენ საპარლამენტო ბოიკოტს, კვლავ უარს ამბობენ მანდატებზე და საერთო ოპოზიციური შეთანხმების ერთგულები არიან.
დაუფიქრებელი, ლოგიკას მოკლებული და პოლიტიკურად მოუმწიფებელი - ასე შეფასდა ოპოზიციურ პარტიებში "რესპუბლიკელების" ინიციატივა. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიისთვის მათთან ბლოკში შემავალი ძალისგან მოულოდნელი განცხადება მიუღებელი აღმოჩნდა. ლიდერები მიიჩნევენ, რომ თუნდაც ერთჯერადად კენჭისყრაში მონაწილეობა მეათე მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარებას ნიშნავს და "ქართულ ოცნებაში" შესვლის ტოლფასია.
ხათუნა სამნიძის ინიციატივა მისაღებია "გირჩის" წევრებისთვის, რომლებიც მზად არიან საკუთარი სავარძლები პარლამენტში იმ წუთიდან დაიკავონ, როგორც კი მმართველი პარტია ბუნებრივ ბარიერს დათანხმდება.
მმართველი გუნდიდან დღეს ოპოზიციონერების კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მათი პოლიტიკური ნაბიჯები არასწორია. მათი გზავნილი უცვლელია, მზად არიან იმსჯელონ 0-3 პროცენტამდე ბარიერზე, თუმცა ამ დრომდე არ უთქვამთ ცალსახად, დათანხმდებიან, თუ არა უბარიერო სისტემას.