ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა დღეს ამოეწურა. ოპოზიციონერები ფიქრობენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ნიკა მელიას უფლებამოსილება არ უნდა შეუწყვიტოს.
პარლამენტის წევრი, პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერებას ეწინააღმდეგება.
"მე და ლევან იოსელიანს არ გვჭირდება აზრთა გაცვლა-გამოცვლაც ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიქნებით კატეგორიულად წინააღმდეგები, რომ ნიკა მელიას შეუჩერდეს ამ აბსურდული მუხლის გამო უფლებამოსილება. მოვუწოდებთ "ქართული ოცნების" დეპუტატებს, რომ ეს არ იქნება სწორი საქციელი არც მორალურად და არც სამართლებლივად,"- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
პარტია "ევროპელი სოციალისტების" წევრი პარლამენტის დეპუტატი დავით ზილფიმიანი აცხადებს, რომ ნიკა მელიამ გირაო უნდა გადაიხადოს.
"თუკი სასამართლოს მიერ დაწესებულია გირაო, უნდა გადაიხადოს. მაგრამ მე არ მიმაჩნია სწორად აი ასეთ სიტუაციაში რომელიმე დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერება, აი ასეთი გაორებული მიდგომა მაქვს,"-აღნიშნა დავით ზილფიმიანმა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს და მისი მთავარი მესიჯია "არ გადავიხდი - ვერ დამიჭერთ".