დავით ბაქრაძე "ევროპული საქართველოს" მაისიდან ტოვებს - ამის შესახებ პოლიტიკოსმა პარტიის წევრებთან არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც პოლიტიკოსი განმარტავს, ის ოპოზიციური პოლიტიკიდან არ მიდის. დავით ბაქრაძე ამბობს, რომ საკუთარ პოზიციებს არ ცვლის და ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე პარლამენტში შესვლას კვლავ არ განიხილავს.
"მე არ მივდივარ პოლიტიკური ოპოზიციური ფლანგიდან, მე არ ვცვლი ჩემს პოზიციებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მნიშვნელოვანია.
ჩემი მხრიდან, პარლამენტში შესვლა ამ ვითარებაში არ განიხილება, საპარლამენტო ბოიკოტი არის ძალაში. ჩემი მხრიდან, ისევ ძალაშია ყველა მოთხოვნა, რომელიც ეხება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გამოშვებას.
ამიტომ, მე მაისიდან, როდესაც ჩატარდება ყრილობა, ვიღებ პაუზას პარტიულ პოლიტიკაში, მაგრამ ვრჩები ოპოზიციურ პოლიტიკაში და ოპოზიციურ ფლანგზე," - აცხადებს დავით ბაქრაძე.