მეორედ სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის წინაშე. ნიკა მელიას გირაოს გადახდის ვადა ამოეწურა, მისი მთავარი მესიჯი კი იგივე რჩება - "არ გადავიხდი, ვერ დამიჭერთ!"
პროკურატურა საკანონმდებლო ორგანოს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პატიმრობაზე წინასწარ თანხმობას ითხოვს, ამის შემდეგ მოთხოვნა წავა სასამართლოში.
ნიკა მელია პატიმრობისთვის მზადაა. რატომ არ გადაიხადა გირაო ოფიციალურ ვადაში? ბრალდებულ ოპოზიციონერ ლიდერს საკუთარი არგუმენტები აქვს.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ 20 ივნისის საქმის ფარგლებში მან 30 000 ლარის ოდენობის გირაო ერთხელ უკვე გადაიხადა. დამატებითი ღონისძიება კი, რომელიც ელექტროსამაჯურის მოხსნის გამო დაუწესდა და რომელიც 40 000 ლარით განისაზღვრა, მისთვის უკანონოა.
ის, რაც ნიკა მელიასთვის უკანონოა, კანონიერად განმარტა პროკურატურამ. პროკურის განცხადებით, დამატებითი გირაო 40 000 ლარი მას ელექტრონული სამაჯურის მოხსნის გამო დაეკისრა, რაც ღონისძიების გამკაცრების ყველაზე რბილი ფორმა იყო.
"ქართული ოცნების" კანონმდებლებს ნიკა მელიას საკითხზე მსჯელობა ერთსა და იმავე საქმის გამო უკვე მეორედ მოუწევთ. პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ კანონმდებლობა გამონაკლისებს არ ითვალისწინებს არც დეპუტატის შემთხვევაში და საკითხს პარლამენტი პროცედურების შესაბამისად განიხილავს.