"გირჩის" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ "ქართული ოცნება" ნიკა მელიას დააპატიმრებს, მოლაპარაკების პროცესი მიმართულებას შეცვლის. მისივე თქმით, მთავარი განსახილველი თემა ამ შემთხვევაში, ნიკა მელიას საპატიმროდან გამოშვება გახდება.
იაგო ხვიჩია იმედოვნებს, რომ საკანონმდებლო ორგანო ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილებას არ შეუწყვეტს, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება კოლეგის მიმართ განაჩენის გამოტანა.
"ცხადია, იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ უხერხული გახდება მოლაპარაკების პროცესის განახლება პარალელურად, როდესაც ადამიანი ციხეში ზის, ანუ ლაპარაკის პროცესი ეგრევე გადავა იმაზე, რომ ეს კაცი როგორ გამოვუშვათ, ან არ გამოვუშვათ.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია სამართლებრივად, ფორმალურად საფუძველი რაღაცა ჰქონდეს, ამ შემთხვევაში, მართლმსაჯულების სისტემას, ჩემი აზრით, ჩვენ ვართ პოლიტიკურ პროცესში და ეს ყველას უნდა ახსოვდეს, განსაკუთრებით პოლიტიკურ ორგანოს - პარლამენტს, რომელიც კიდევ აღმოჩნდება იმ ცდუნების წინაშე შეუწყვიტოს თუ არა მანდატი, ნიკა მელიას.
იმედი მაქვს, რომ არ შეუწყვიტავენ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილებას იმიტომ, რომ მემგონი გასაგებია, რომ ეს არის ფაქტობრივად კოლეგის მიმართ განაჩენი, რომელიც ამჯერად სასამართლოს კი არ გამოაქვს, არამედ საკანონმდებლო ორგანოს წევრებს. ამ საკანონმდებლო ორგანოს, ისედაც პრობლემები აქვს და საკუთარი კოლეგის ციხეში ჩასმა, კიდევ უფრო დაამძიმებს მის ცოდვებს" - განაცხადა მან "ღამის კურიერის" ეთერში.