19 ნოემბერი 2024,   14:43
ვრცლად
ქობულეთში 14 წლის გოგონა რომელმაც შესაძლო ძალადობის შემდეგ თავი მოიკლა დაკრძალეს

ქობულეთში 14 წლის გოგონა დაკრძალეს. წინასწარი ინფორმაციით, ძალადობის შემდეგ ბავშვმა თავი მოიკლა. საქმეზე დაკავებულს კი სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

დაცვის მხარე დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე აცხადებდა, რომ თუკი 24 წლის მამაკაცს გაათავისუფლებენ, ამ შემთხვევაში არსებობს რისკი რომ მან მოწმეებზე ზეწოლა განახორციელოს და ასევე შეეცდება მტკიცებულებების განადგურებას.

ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში არ დევს არც ერთი მტკიცებულება, რომლის თანახმადაც, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან  რაიმე ძალადობას ჰქონდა ადგილი. ის ამბობს, რომ გოგონა ძალადობის მსხვერპლი იყო, თუმცა ოჯახის წევრების, კონკრეტულად კი ბაბუის ნათესავების მხრიდან.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მიმართებაში, სამჯერ არის გამოკითხული გარდაცვლილი ბავშვი და სამივე გამოკითხვაში ამბობს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მხრიდან მის მიმართ ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ ან სექსუალურ ძალადობას მის მიმართ ადგილი არ ჰქონია. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, სანამ ჩვენ გადმოგვეცემოდა სისხლის სამართლის საქმის მასალები, აცხადებდა რომ ბავშვს როცა შეხვდა დეკემბრის თვეში, ბავშვმა მოუყვა რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი ოჯახის წევრების მხრიდან,“ – აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი, ირაკლი შავაძე.

ოჯახის წევრების მხრიდან რაიმე სახით ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

"ყველასთვის იყო უცნობი, რომ იქ თუ რამე ხდებოდა, ვინმემ იძალადა, არ ვიცი ვინაა ის პიროვნება, ყველამ ახლა გავიგეთ. თუკი ბავშვს დაზიანება ჰქონდა და ეს იცოდა პოლიციამ, რატომ აქამდე არ გამოიძიეს, რატომ გაიწელა ამდენ ხანს, თუ ეს 5 და 6 თვის ამბავია.“ - ამბობს ოჯახის მეზობელი.

23 წლის ახალგაზრდა კაცს გამოძიება 2 მუხლით ედავება, ერთი ეს არის არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი და მეორე თვითმკვლელობამდე მიყვანა. 

დღის ამბები