17 ნოემბერი 2024,   10:37
ვრცლად
ნიკა მელიას საქმე - ენმ-ს ლიდერი გირაოს გადახდაზე უარს ამბობს, ხვალ პარლამენტი საკითხს ბიუროზე გაიტანს

"გავრილოვის გირაოს გირაო არ გადავიხადე და ისევ გიმეორებთ - ვერ დამიჭერთ ვერც მურუსიძის სასამართლოთი და ვერც პარლამენტით," - ასე გამოეხმაურა ნიკა მელია "ქართულ ოცნებას", რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს გირაოს გადახდა ურჩია და უკვე დააანონსა, რომ თუ საკითხი კენჭისყრაზე დადგება, მელიას იმუნიტეტს მოუხსნის.

ხვალ პარლამენტი საკითხს ბიუროზე გაიტანს, პარალელურად კი ოპოზიციის ნაწილი კონსულტაციებისთვის შეიკრიბება და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელებს. იმ პარტიებს შორის, რომლებმაც ბარიერი გადალახეს ამ საკითხზე განსხვავებული პოზიციებია.

"ნაციონალურ მოძრაობაში" ფიქრობენ, რომ საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის შემთხვევაშიც კი სასამართლო ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ დაწყებული სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია. შესაბამისად, ისინი ლიდერის გადაწყვეტილებას - გირაოს არ გადახდასთან დაკავშირებით გამართლებულად მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, პროკურატურის განცხადებით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოს პირობების შეუსრულებლობის გამო მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გაუმკაცრდა და გირაოს ოდენობა გაიზარდა 40 000 ლარით.  ბრალდების მხარე ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. პროკურატურამ გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდისთვის ნიკა მელიას ერთკვირიანი ვადა მისცა, რომელიც 12 თებერვალს ამოიწურა.

პროკურატურის განმარტებით  გირაოს თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ან თუ იგი გირაოს თანხას ეკვივალენტური უძრავი ქონებით არ უზრუნველყოფს, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლის თაობაზე, რისთვისაც პროკურატურას პარლამენტის თანხმობა და ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნა სჭირდება.

დღის ამბები