რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა. სასწავლო პროცესი ახალი წესების დაცვით აღდგა. სკოლების ნაწილში დაყოფილია სასწავლებელში მისვლის დრო, მაღალი კლასის მოსწავლეები სკოლაში ნახევარი საათით ადრე მიდიან, შემდეგ კი საშუალო და დაწყებითი კლასის მოსწავლეები.
სკოლები აღჭურვილია დეზობარიერებით, სადეზინფექციო ხსნარით და თერმოსკრინინგის აპარატებით. ყველა მოსწავლე სკოლაში ტემპერატურის გაზომვის შემდეგ შედის.
მე-5 კლასამდე პირბადის ტარება ნებაყოფლობითი, მე-5 კლასის შემდგომ კი სავალდებულოა.
მშობლები, რომლებმაც ბავშვები დღეს სკოლაში მიიყვანეს, სწავლის საკლასო ოთახებში განახლებას დადებითად აფასებენ.
პედაგოგები და განათლების უწყება აცხადებენ, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები კოვიდუსაფრთხოების ზომებს შესაბამისად იცავს.
მსურველები სასწავლო პროცესს კვლავაც დისტანციურად განაგრძობენ.