17 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
მხარდაჭერა კაცს შეურაცხყოფა ჰგონია, მელიას აქვს ქართულის პრობლემა - იაგო ხვიჩია

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ის ნიკა მელიას სულ იცავდა და სტატუსი, რომელიც მან გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, ასევე მისი მხარდასაჭერი სიტყვებით იყო განმსჭვალული. 

თუმცა, "გირჩის" ლიდერმა აღნიშნა, რომ ნიკა მელიას ქართულის პრობლემა აქვს და სწორედ მაგიტომ გაიგო მისი სიტყვები ისე, თითქოს მას მტრულად ამბობდა. 

"ნიკა მელიას იაგო ხვიჩია სულ იცავს, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას აქვს ქართულის პრობლემა და ეს არ ესმის. ჩემი დაწერილი სტატუსიდან მან სულ სხვა რამე გაიგო. მე ვურჩევ ნიკას ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ვისაც მისთვის კარგი უნდა, თავიდან წააკითხონ მას ის სტატუსი და შინაარსიც აუხსნან. ნიკა მელია აშკარად სხვა ხასიათით მოძრაობს, ვიდრე იმ სტატუსში წერია. იქ არაფერი წერია მისი შეურაცხმყოფელი, პირიქით, თავიდან ბოლომდე არის ნიკა მელიას დაცვა.

ვისაც ეს არ ესმის, მას აქვს ქართულისა და ქართულის მასწავლებლის პრობლემა. მეგობრული წერილის გაგება ისე, თითქოს ის მტრულია, პრობლემა არის. ადამიანს მთავარი რამ არ ესმის, ის რომ მე მისი მეგობრის პოზიციიდან ვლაპარაკობ და განმსჭვალულია ეს სიტყვები იმით, რომ ნიკა მელია ციხეში არ უნდა მოხვდეს. ვამბობ, რომ ის სააკაშვილის თამაშს თამაშობს და ვამბობ, რომ ის ამას შეგნებულად აკეთებს, ეს არ ნიშნავს შეურაცხყოფას. მხარდაჭერა კაცს შეურაცხყოფა ჰგონია,"- აცხადებს იაგო ხვიჩია. 

დღეს "ლეიბორისტების" ოფისში ოპოზიციური პარტიის ლიდერები ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით სამსჯელოდ შეიკრიბნენ. ყველა მათგანი თანხმდება, რომ ნიკა მელია არ უნდა დაიჭირონ და თუკი მაინც ასე მოხდება, ოპოზიციაში ამბობენ, რომ ამაზე ხელისუფლება პასუხს მიიღებს. 

ოპოზიციამ შეხვედრის დასრულების შემდეგ მასშტაბური აქციების ჩატარება დააანონსა. 

დღის ამბები