"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის შეფასებით, "ქართულ ოცნებას" ოპოზიციასთან დიალოგის გაგრძელება არ სურს და ამის დასტურია ის, რომ ნიკა მელიას დაპატიმრებას აანონსებს.
როგორც ზაალ უდუმაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ხელისუფლების მსგავსი ნაბიჯებისადმი შესაბამისი პასუხი ქუჩის აქციები და პროტესტი იქნება.
"როდესაც ნიკა მელიას დაპატიმრებას გიანონსებენ, რა მეხუთე რაუნდზე და შეხვედრაზეა საუბარი. გასაგებია ყველაფერი და გასაგებია "ქართული ოცნების" გზავნილი. თუ უნდოდა "ქართულ ოცნებას" რაიმე სახით, რომ ერთიანი ძალებით დაგვეძლია ჩვენ ეს პოლიტიკური კრიზისი, ამისთვის ძალიან ბევრი დრო ჰქონდა მეოთხე რაუნდის შემდეგ, ეს შეხვედრა შეიძლებოდა შემდგარიყო და ჩვენ შეიძლბეოდა გვესაუბრა კონკრეტულ თემებზე, მაგრამ, ეს შეხვედრა არ შედგა. როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" არც აპირებს ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და ეს მათი არჩევანია. მათ გადაწყვიტეს სრულად იზოლირება ქართული საზოგადოებისგან და, შესაბამისად, ამაზეც იქნება შესაბამისი პასუხი და ეს არის ქუჩა და პროტესტი,"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.