8 თვეში საქართველოში ისევ არჩევნებია. მოსახლეობა თბილისსა და რეგიონებში თვითმმართველ ორგანოებს დააკომპლექტებს, აირჩევენ ქალაქების მერებს.
არჩევნების მოახლოებასთან ერთად გააქტიურდა ის სამუშაო ჯგუფიც, რომელიც საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობს. პირველადი ვერსიით გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი ცვლილებები, მათ შორის, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შესაძლოა დაეკისროს პირს, რომელიც საარჩევნო ბიულეტენს გადაუღებს ფოტოსურათს და შესაბამის კანონდარღვევას გამოავლენს პოლიცია.
უნდა შეიცვალოს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესიც. ამ და სხვა საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დღეს 4 საათზე მეტხანს მსჯელობდნენ.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად პროფესიული ნიშნით უნდა დაკომპლექტდეს.
"სრულად პროფესიონალიზაციას ვემხრობით და მეტიც - მიგვაჩნია, რომ თუ ჩვენ ახლა ამ მიმართულებით არ წავალთ, ოღონდ ისე, რომ ოპოზიციის ხმა დაკომპლექტებაში იყოს გადამწყვეტი, ამ პროცესის დაწყებას ახლა დიდი აზრი არ ექნებოდა. ამ გადაწყვეტილებას თუ არ მივიღებთ, გამოვა, რომ ტყუილად ვხარჯავთ დროს და ენერგიას ამ პროცესზე,"-განაცხადა ვახუშტი მენაბდემ
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ისეთი მექანიზმი იყოს ჩადებული კანონპროექტში, რომელიც უზრუნველყოფს, რომ კანდიდატები მართლაც პროფესიონალური ნიშნით შეირჩნენ.
"იყოს, კი ბატონო, მხოლოდ პროფესიული ნიშნით, უბრალოდ, ისეთი მექანიზმები იყოს ჩადებული, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მართლაც პროფესიონალური ნიშნით იქნებიან შერჩეული და არა ისე, როგორც დღეს ხდება, დღესაც გვაქვს პროფესიული კომპონენტი, მაგრამ პროფესიული ნიშნით შერჩეულები არ არიან და, ხშირ შემთხვევაში, მიკერძოებულები არიან,"-განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებებს იზიარებს "ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილიც,
"ძირითადი პოზიციაა, რომ პროფესიული იყოს სრულად, არის გარკვეული მოსაზრებები, რომ ამ ეტაპზე, შეიძლება შერეული სისტემაც იყოს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კარგი არის პროფესიული და ამიტომაც ჯობია, იყოს პროფესიული. ერთადერთი, დაკომპლექტების დროს უნდა იყოს უზრუნველყოფილი, კითხვის ნიშანი არ იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე პოლიტიკური მიკერძოებით ხდება დაკომპლექტება,"-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ "მოქალაქეების" ლიდერმა ლევან იოსელიანმა ყურადღება გაამახვილა საარჩევნო სისტემაზე და აღნიშნა, რომ მისი პარტია სრულად პროპორციული სისტემის მომხრე არ არის.
"იზრდება პროპორციულის წილი და, შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ ეს არის სწორი და წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ პრინციპულად წინააღმდეგნი ვართ, რომ მთლიანად პროპორციულით ჩატარდეს თბილისში და დიდ ქალაქებში. მივიჩნევთ, რომ მაჟორიტარული კომპონენტი უნდა არსებობდეს და არ უნდა წაერთვას შესაძლებლობა ადამიანს, ვისაც უნდა დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და აქვს ამის რესურსი, მას ეს შესაძლებლობა არ უნდა წაერთვას და არ უნდა იყოს იძულებული, მიეკედლოს რომელიმე პარტიას,"-განაცხადა ლევან იოსელიანმა.