პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია კანონს არღვევს და ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"ყველანი ერთად ვთანხმდებით, რომ ბატონი ნიკა მელია კანონს არღვევს. კანონის დარღვევას რომ შესაბამისი რეაქცია მოჰყვება, ამაზე კითხვის ნიშანი ქვეყნის შიგნით ან გარეთ, ვინმეს შეიძლება ჰქონდეს? აქ საუბარი არ არის რაიმე საეჭვო საკითხზე, თავად ამბობენ ისინი, რომ კანონს დემონსტრაციულად არღვევენ, და ამას დაუმორჩილებლობად აცხადებენ,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეკითხვაზე, თუკი ნიკა მელიას საქმეს ქუჩის აქციები მოჰყვება, მზად არის თუ არა ამისთვის "ქართული ოცნება" - შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ წარმოუდგენელია კანონის დარღვევის გამო, საქართველოს მოქალაქეები ვინმეს გვერდით დაუდგნენ.
"ის არ არის დაუმორჩილებლობა, როდესაც კანონს არღვევ და შემდეგ არ გინდა ამაზე პასუხი აგო. დაუმორჩილებლობა თავის თავში გულისხმობს მზადყოფნას პასუხისმგებლობისაკენ, ეს დაუსჯელობის სურვილია და ეს უნდათ მათ დაამკვიდრონ ამ ქვეყანაში. ჩვენ კი, ამის საშუალებას ოპონენტებს არ მივცემთ. იქ არის ჯგუფი, ვისაც პირდაპირ უნდოდა მოლაპარაკების ჩაშლა, იმისათვის, რომ გაზაფხულზე რაიმე ტალღა ააგორონ. წარმოუდგენელია, კანონის დარღვევის გამო საქართველოს მოქალაქეები ვინმეს გვერდით დაუდგნენ,"- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.