ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციონერებმა ქონებრივი დეკლარაციები შეავსეს. 51 ოპოზიციონერიდან ქონებრივი დეკლარაცია მხოლოდ 5-მა - თაკო ჩარკვიანმა, ვახო მეგრელიშვილმა, შალვა ნათელაშვილმა, თემურ ჯანაშიამ და ზურა ჯაფარიძემ არ შეავსო.
"ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მანდატების საკითხთან დაკავშირებული არ არის, დასამალიც არაფერი აქვთ და ამით "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური სპეკულაციების საშუალება არ მისცეს.
ქონებრივი დეკლარაცია საჯარო გახადა პარტია "ლელოს", "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ევროპული საქართველოს" სიით გასულმა ყველა დეპუტატმა. ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც საკუთარ მანდატებზე უარს ამბობენ, მიაჩნიათ, რომ ანგარიშვალდებულების პრინციპებიდან გამომდინარე, მხოლოდ ტექნიკური პროცედურა გაიარეს.
საჯარო სამართლის ეროვნული ბიუროსთვის დოკუმენტის გადაგზავნის ვადა 10 თებერვალს ამოიწურა.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ იმ დეპუტატებს, რომლებსაც დეკლარაციები არ შეუვსიათ, 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევში კი სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობა დაეკისრებათ, რაც, შესაძლოა, მათთვის სადეპუტატო მანდატების გაუქმებით დასრულდეს. ირაკლი ქადაგიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ მალე პარლამენტმა ზურა გირჩი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის შესწავლა დაიწყოს.
დეპუტატებს, რომელთაც ქონებრივი დეკლარაცია არ შეუვსიათ, 1000 ლარიანი ჯარიმის გადასახდელად ერთი თვის ვადა აქვთ.