ვიდრე "ევროპული საქართველო" სტრუქტურულ და საკადრო ცვლილებებს განიხილავს, პარტიის პოტენციური პარტნიორები უკვე მსჯელობენ, როგორი კონფიგურაცია იქნება მათთვის მისაღები და როგორი - არა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, რომელიც ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის იდეაზე ხშირად საუბრობს, "ევროპულ საქართველოსთან" თანამშრომლობას პრობლემად განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ მაგალითად, გიგა ბოკერია კვლავ პარტიის ლიდერი იქნება.
პოზიციას, რომ ბოკერიას ლიდერობა "სტრატეგია აღმაშენებლისთვის" ნაკლებად მიმზიდველია, თავად გიგა ბოკერია მოკლედ პასუხობს - "ევროპულ საქართველოს" გიორგი ვაშაძის პარტიასთან თანამშრომლობის ინტერესი საერთოდ არ გააჩნია.
ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ თეორიული მსჯელობის საგანია, "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ევროპული საქართველოს" გარდა მოიაზრება "ლელოც". ასევე ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია.
პარტია "ევროპულ საქართველოში" ცვლილებები უკვე დაანონსდა. დადასტურებულია, რომ ლიდერებს შორის ბაქრაძე და უგულავა აღარ იქნებიან, თუმცა პოზიციის დათმობას არ გეგმავს გიგა ბოკერია.