დავით გარეჯის საქმეზე მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსამართლემ გადაწყვეტილება შესაძლოა დღეს გამოაცხადოს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მათი შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში პროცესები დროებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე შეჩერდეს.
საქმე ეხება უცხოელი სპეციალისტების მიერ ჩატარებულ კარტოგფრაფიულ ექსპერტიზას, რომელსაც ადვოკატები ითხოვენ. პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ მსგავსი მოთხოვნის უფლება მხოლოდ ბრალდების მხარეს აქვს.
"პროკურატურა ითხოვს ჩვენს მიერ საზღვარგარეთ დანიშნული ექსპერტიზის დაუშვებლობას იმ მოტივით, რომ თითქოს კანონმდებლობა მხოლოდ მათ აძლევთ უფლებას, რომ უცხოეთში დანიშნონ ექსპერტიზები. ამიტომ ჩვენი შუამდგომლობაა სასამართლოს მიმართ, რომ შეაჩეროს საქმის განხილვა და საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინებით მიმართოს ამ საკითხის გადაწყვეტაზე, ანუ ამ ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებაზე. აღნიშნული ნორმები რადგან პროკურატურა თვლის, რომ ასე უნდა იქნეს წაკითხული და სასამართლოსაც შესაძლოა ნორმები სხვანაირად წაკითხვის საშუალებას არ აძლევდეს, სჯობს რომ სასამართლომ ამ საკითხზე იმსჯელოს,“ - განაცხადა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.
ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, გიორგი მახარაძე ამბობს, რომ საქმეში პოლიტიკური მოტივაცია იკვეთება.
"დაცვის მხარე და ბრალდების მხარე მოუსმენს ერთმანეთს მტკიცებულების დაუშვებლობის თაობაზე შუამდგომლობებს და ასევე, საპასუხო არგუმენტაციას, რატომ არის ჩვენი ყველა მტკიცებულება დასაშვები და ასევე განვმარტავთ დეტალურად, რატომ არის ზოგიერთი ბრალდების მხარის მტკიცებულება დაუშვებელი, ასევე გადაწყვეტს სასამართლო, გადასცეს თუ არა საქმე არსებითად განსახილველად. საქმეში აშკარად იკითხება პოლიტიკური მოტივაცია, როგორც შიდა პოლიტიკური, ასევე საგარეო," - აცხადებს გიორგი მახარაძე.