პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას პატიმრობა მათი თვითმიზანი არ არის და მას ახლაც აქვს საშუალება, რომ გირაო გადაიხადოს.
მაჭარაშვილის შეფასებით, ნიკა მელიას ქმედებები ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს.
"სამწუხაროდ, ეს იყო თავად ნიკა მელიას არჩევანი. არჩევანი იყო გამიზნულად გაკეთებული იმიტომ, რომ ის პატივს არ სცემდა საჯაროდ სახელმწიფო ინსტიტუტებს, მართლმსაჯულებას, რაც ბუნებრივია, რომ თავშივე ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს.
საჯაროდ ორჯერ დაარღვია კანონი. მოუწოდა სხვებს ამის დარღვევისკენ და ბუნებრივია, მისი ეს საქციელი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა გამართლებული. შესაბამისად, მას დღესაც აქვს საშუალება გადაიხადოს გირაო, მისი პატიმრობა არავის თვითმიზანი არ არის," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
პარლამენტმა ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი დღეს შეუჩერა.