"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი პარლამენტის მიერ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი გადადგმული იმისკენ, რომ კონსტრუქციული დიალოგისთვის ადგილი აღარ დარჩეს.
როგორც ალექსანდრე რაქვიაშვილმა "დღის კურიერში" განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა მმართველ პარტიას მსგავსი პროცესების წამოწყება, როდესაც მიუკერძოებელი შემფასებლების თვალში, ხელისუფლება-ოპოზიციის დისკუსიაში წაგებულის როლში ოპოზიცია იყო. ამ ფონზე, მელიას მიმართ ხელისუფლების ქმედებებს რაქვიაშვილი პოლიტიკურ და ტაქტიკურ შეცდომად აფასებს:
"ტაქტიკურად რომ გადავხედოთ, როცა შენი მეტოქე ემზადება ჩხუბისთვის და ტაქტიკა აღარ დარჩა, რომ მოიგოს, იმიტომ რომ მიუკერძოებელი შემფასებლები რომ ავიღოთ, ოპოზიციამ დისკუსიაში თუ ბოლომდე არ წააგო, უკვე აგებდა და ის, ამ შემთხვევაში თუ ემზადება ჩხუბისთვის, შენც ჩხუბი უნდა დაუწყო და გაახარო ამით? მე მგონი, ყველანაირად შეცდომაა პოლიტიკურადაც, ტაქტიკურადაც და რთულია პროგნოზირება რა მოხდება.
ჩვენ არ დავიკავებთ არცერთ მხარეს, საბოლოო ჯამში, ორივე მხარე იქცევა ისე, რომ ჩხუბი შედგეს, ჩვენ არ გვჯერა, რომ ოპოზიცია გადარჩება თუ ჩხუბი იქნება მთავარი ტაქტიკა. ჩვენ არ ვიქნებით იმ მხარეს, რომელიც პოლიტიკურ რეპრესიებს იწყებს და გასაგებია, რომ ეს საქმე არის პოლიტიკური და ნიკა მელია არის საბოლოო ჯამში მორალურად სწორი და მართალი და არ გამოვრიცხავ, რომ აღმოვჩნდე მელიას დასაცავ მიტინგზე.
აქედან ენმ-ს ოფისში არ მივალ, ამ მომენტისთვის, არის ძალიან ცუდად დადგმული სპექტაკლი, რომელსაც შეიძლება ადამიანის მსხვერპლი მოჰყვეს და მე არ მინდა, რომ ამ შემთხვევაში გავერიო. "ქართულმა ოცნებამ" შექმნა პირობა, რომ ენმ-ს გაუჩნდეს ინსტრუმენტი ამ ბრძოლაში და ენმ-ამ ეს გამოიყენა. ამ მომენტიდან, ისეთი ნაბიჯებია გადადგმული, რომ უკან დახევა ძალიან რთულია, თუ რომელიმეს ეყოფა ადეკვატურობა და არ გადავა რაღაც ზღვარს, შეიძლება დასრულდეს სრულიად მშვიდობიანად,"- განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
შეძლებს თუ არა ოპოზიცია ხალხის ქუჩაში მასობრივად გამოყვანას და შესაძლებელია თუ არა რევოლუციური განვითარება - ამასთან დაკავშირებით ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რომ პროგნოზირება რთულია, თუმცა აღნიშნა, რომ მთავარ დაზიანებას არა პოლიტიკოსები, არამედ პოლიტიკური აქტივისტები მიიღებენ:
"რევოლუციები არ იგეგმება და ძალიან იშვიათია, რომ რევოლუციას შეიძლება პროგნოზირება გაუკეთო. მაგრამ რისი პროგნოზირებაც შეიძლება, თუ ეს მართლა გადავა ფიზიკურ დაპირისპირებაში, არაერთი პოლიტიკური აქტივისტი შეიძლება იყოს დაზიანებული და აღმოჩნდეს ციხეში. ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან პოლიტიკური აქტივისტები, რომლებიც შეიძლება აღმოჩნდნენ წინა პლანზე. პოლიტიკოსები იქნებიან პირველ დღეს, როცა კამერები იქნება ჩართული. მე ამას ვუყურებ როგორც ძალიან ცუდ თამაშს და მიკვირს, რატომ ვერ ხვდება "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება", რომ ყველა წავაგებთ. მე იმედი მრჩება, რომ რომელიმე მხარე გაჩერდება," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.