"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძე "ღამის კურიერში," ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი განაჩენის შესახებ პირველი შეფასება გააკეთა.
"ვწუხვარ ამ გადაწყვეტილების გამო, ესკალაცია და დაძაბულობა მე ნამდვილად არ მინდა ამ ქვეყანაში. დღევანდელი დღე კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლება შესაცვლელია. ხელისუფლებაში უნდა იყვნენ პასუხისმგებლიანი ადამიანები, რომლებიც ნამდვილად არ გათელავენ, სამართალს, კანონს, მართლმსაჯულებას ფეხქვეშ. არ დაიქვემდებარებენ და პოლიტიკურ იარაღად არ აქცევენ სამართალდამცავ უწყებებს," -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება სასამართლო პროცესზე გამოცხადდა.
ადვოკატებმა მოსამართლის მიერ, განაჩენის წაკითხვის დასრულებამდე სასამართლო დარბაზი დატოვეს.
შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს გენერალურმა პროკურატურამ გუშინ მიმართა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. საგამოძიებო უწყება პატიმრობას ითხოვდა. ნიკა მელია მიმდინარე პროცესს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და სასამართლო პროცესს არ დასწრებია. მისმა ადვოკატებმა პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გაუქმების მოთხოვნას დააყენეს.