"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარის ვინაობის საკითხთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც სერგი კაპანაძე ამბობს, ამ თემაზე საუბრისა და მსჯელობის დრო მოცემულ რეალობაში არ არის. კონკრეტულად, სერგი კაპანაძე ნიკა მელიას საქმეს გულისხმობს.
"არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული გულწრფელად გეტყვით და ახლა არც მგონია სწორი მაგაზე ფიქრიც კი, იმდენად სხვა მძიმე რეალობა გვაქვს ნიკა მელიას ირგვლივ. ამიტომ, ამ საკითხებს მერე ჩვენ დავუბრუნდებით მერე პარტიაში, რა და როგორ იქნება, დავილაპარაკებთ და დავლაგდებით და არაფერი განსაკუთრებული და პრობლემატური გაგრძელება ამას არ მოჰყვება, ამაში ვარ დარწმუნებული." - ამბობს სერგი კაპანაძე.
სერგი კაპანაძე ამბობს, რომ არ მიაჩნია სწორად პარტიის ლიდერების პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლა.
"ამ დიალოგში, რომელიც მიდიოდა პარტიის ხელმძღვანელებს შორის, ჩემი პოზიცია იყო, რომ თუ სამივე ლიდერი გადაწყვეტდა წასვლას და იქნებოდა დრაივი განახლებისკენ, ასე ვთქვათ, ეს შეიძლება ყოფილიყო კარგი და წინ გადადგმული ნაბიჯი. ოღონდ, აქვე ჩემი პოზიცია იყო, რომ მე არ მიმაჩნია სწორად მათი პოლიტიკიდან და პარტიიდან წასვლა, მათაც ვუთხარი და იციან ჩემი ეს პოზიცია და აქვე გეტყვით, რომ ასევე არ მიმაჩნია სწორად საკითხის ასე დაყენება, რომ ვიღაცა აუცილებლად უნდა წავიდეს პოლიტიკიდან. მე მიმაჩნდა, რომ ამის ირგვლივ შეიძლებოდა, რომ ყოფილიყო გამოსავალი მოძებნილი. ჩემი ეს პოზიცია ცნობილია ყველასთვის შიგნით და მქონდა მცდელობა, რომ ეს ყველაფერი კონფლიქტის და დაპირისპირების გარეშე მომხდარიყო, სამწუხაროდ ასე არ მოხდა. რაც მოხდა მოხდა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს პარტია გააგრძელებს მუშაობას, გაძლიერდება დარწმუნებული ვარ, განახლდება და კარგი შედეგებიც ექნება, ამიტომ მე ვერაფერ დრამატულს ამაში ვერ ვხედავ, თუმცა ჯობდა. რომ სხვაგვარად განვითარებულიყო მოვლენები,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.