აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გიორგი ხელაშვილი აფასებს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ამბობს, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.
ხელაშვილის თქმით, ქვეყანაში სასამართლო რეფორმა განხორციელდა და ის პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალია.
"უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა ჩვენსა და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, არამარტო ამერიკის შეერთებულ შტატებს, არამედ ევროკავშირის მხრიდანაც. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ საქართველოში განხორციელდა სასამართლო რეფორმა, რომელიც წარმატებული იყო და ის დღეს თავისუფალია, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გავლენებისგან. ის, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი მოგვიწოდებს, გავითვალისწინოთ მათი რჩევა და მაქსიმალურად თავისუფალი იყოს სასამართლო, ეს რეკომენდაცია დღემდეც მიიღებოდა მხედველობაში და მომავალშიც ასე იქნება.
მე ვერ ჩავთვლიდი ამას გაფრთხილებად, რაიმე ფორმის, ეს არის რჩევა, რეკომენდაცია. ვინაიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი არ არის, პირობითად, ყოფილი საბჭოთა კავშირი, საიდანაც მოდიოდა გაფრთხილებები და მითითებები. ეს არის ჩვენი დემოკრატიული მეგობარი სახელმწიფო, რომელთანაც მუდმივ დიალოგში ვართ საქართველოს სამომავლო განვითარებაზე.
მე შეგახსენებთ, რომ იქ ძალიან ბევრ რამეზე იყო საუბარი, მათ შორის იყო საუბარი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერაზე და ეს არის რჩევა, რეკომენდაცია, რომ ყველა პოლიტიკური პროცესი, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში, უნდა მიმდინარეობდეს ევროატლანტიკური მისწრაფებების კონტექსტში, რომლიდანაც მე გამოვარჩევდი მთავარს, ეს არის კანონის უზენაესობის პრინციპი,“ - განაცხადა გიორგი ხელაშვილმა.