საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის კანდიდატურაზე წარდგენილი ჯუანშერ ბურჭულაძე აღნიშნული თანამდებობისთვის ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებს.
არჩილ თალაკვაძემ "დღის კურიერის" ეთერში ჯუანშერ ბურჭულაძის სამუშაო გამოცდილებასა და განათლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ სახელმწიფოში აშშ-ში მუშაობის საკმაოდ კარგი გამოცდილება გააჩნია.
"შეგახსენებთ, რომ ჩვენი კანონმდებლობის და მმართველობის პრინციპების თანახმად, სწორედ სამოქალაქო პირი უნდა იყოს თავდაცვის მინისტრი და არა სამხედრო პირი, შესაბამისად, თუ სამოქალაქო პირზე ვსაუბრობთ, ჯუანშერ ბურჭულაძე არის ნამდვილად ის კადრი, რომელსაც აქვს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ სახელმწიფოში ამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობის გამოცდილება, მას აქვს კარგი განათლება, ის არის მართლაც, საქმიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი და შედეგზე ორიენტირებული ადამიანი.
საელჩოს თანამშრომელი იყო და არა ელჩი, თუმცა იმ მცირე ადამიანური რესურსის გათვალისწინებით, რაც ჩვენ გვაქვს ყველა საელჩოში, თითოეული ჩვენი თანამშრომელი განუზომლად დიდ მნიშვნელობას ატარებს და აქ, ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდა ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, სხვადასხვა სტრუქტურებთან სხვადასხვა ფორმატებში და ეს გამოცდილება მას დაეხმარება, რომ საქართველოს-NATO-ს დღის წესრიგის შემდეგი განხორციელება მოხდეს შეუფერხებლად," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ "დღის კურიერის" ეთერში.