17 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
კანონთან სრული შესაბამისობით მოხდა ირაკლი ღარიბაშვილის დასახელება, ეს არის გუნდის გადაწყვეტილება - არჩილ თალაკვაძე 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, გუნდი დარჩეს კონსოლიდირებული და მას უხელმძღვანელოს პოლიტიკოსმა, ვისაც აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილება. 

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია და ის, საკმაოდ პრინციპული და გამოცდილი  პოლიტიკოსია.

"ამ პოლიტიკური მოვლენების ფონზე, მას შემდეგ რაც ბატონმა გიორგი გახარიამ მიიღო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გუნდი დარჩეს კონსოლიდირებული და მას უხელმძღვანელოს გამოცდილმა პოლიტიკოსმა, ვისაც აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან თანამდებობზე, როგორიც არის პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი. ეს ერთგვარად ფარავს, როგორც ჩვენს საგარეო პოლიტიკურ მიზნებს და საშინაო პოლიტიკის სფეროში არსებულ გამოწვევებს. მეორე, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი გახლავთ "ქართული ოცნების" გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ლიდერი წლების განმავლობაში და ის არის პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იმ ადამიანებს შორის, ვინც 2011 წლიდან უკვე ჩვენი პარტიის საქმიანობის სათავეებიდან მოყვებიან ამ საქმეს, გამოიარეს ძალიან მძიმე ბრძოლები წინააღმდეგობები, მაშინ, როდესაც ოპოზიციას ჰქონდა ყველანაირად შეზღუდული სივრცე ქვეყანაში, როდესაც მედია იყო სრული კონტროლის ქვეშ, ბიზნესი იყო სრული ტერორის ქვეშ და ადამიანის უფლებები უხეშად ირღვეოდა.

ირაკლი ღარიბაშვილს აქვს კარგი განათლება მიღებული, ის არის პრინციპული ადამიანი და მას აქვს ასევე დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გამოცდილება,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ საუბრები იმის შესახებ, რომ „ქართულ ოცნებას" კვლავ ბიძინა ივანიშვილი განაგებს და ის წყვეტს, ვინ უნდა დაინიშნოს პრემიერ-მინისტრად, ეს იმ ხალხის არგუმენტებია, ვისაც სხვა სასაუბრო თემა არ აქვს.

"ეს არის გუნდის გადაწყვეტილება, კანონთან სრული შესაბამისობით მოხდა მისი დასახელება. დანარჩენს უკვე საქმით გვანახებს თვითონ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის განახლებული გუნდი," - განაცხადა "დღის კურიერში" არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები