ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან დიალოგის გასაგრძელებლად, აუცილებელია მმართველმა გუნდმა რიტორიკა შეცვალოს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, მხარეები სწრაფად უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას, თუმცა, ამასთან, ხელისუფლებამ შანტაჟის და მუქარის ენით საუბარი უნდა შეწყვიტოს.
"ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ სიმშვიდე და სტაბილურობა და ის, რომ ჩვენ ერთმანეთს ვესაუბროთ და ჩავატაროთ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები. ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფად მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება, მაგრამ არა შანტაჟის და მუქარის ენით, ან იმით, რომ თურმე ჩვენს ლიდერს დააკავებენ,"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
"ლელოს" წევრის საბა ბუაძის განცხადებით, მოლაპარაკებებისთვის აუცილებელი პირობაა, ხელისუფლებამ ოპოზიციის მიმართ პოლიტიკური დევნა დაასრულოს.
"ჩვენ არ ვაყენებთ ულტიმატუმებს მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ კარგად იცის ის მოთხოვნები, რომელიც ოპოზიციას აქვს. ერთადერთი აუცილებელი პირობაა, "ქართულმა ოცნებამ" დაასრულოს ოპოზიციის მიმართ მუქარა და აგრესიული გზავნილები და დაასრულოს პოლიტიკური დევნა,"- განაცხადა საბა ბუაძემ.
"გირჩის" წევრი სანდრო რაქვიაშვილი კი მოუწოდებს როგორც ენმ-ს, ისე "ოცნებას", გააცნობიერონ, რომ გამოსავალი მხოლოდ მოლაპარაკებებშია და ალტერნატიული გზა არ არსებობს.
"უნდა იყოს კარგად გაცნობიერებული ორივე მხარიდან, ამ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების", რომ არანაირი სხვა გამოსავალი არ არსებობს, არც "ნაციონალური მოძრაობის" გაუქმებაა გამოსავალი, არც რევოლუციის მოწყობა "ქართული ოცნების" წინააღმდეგ და საბოლოო ჯამში, როგორც ჩვენ მოგვიწოდებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, უნდა დავსხდეთ და ვიპოვოთ გამოსავალი ამ კრიზისიდან,"- განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.