პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არ განიხილავს.
სარჯველაძის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა უარგუმენტოა და ოპოზიციას არ აინტერესებს არჩევნები გაყალაბდა თუ არა.
"როდესაც მოლაპარაკების წინ საკითხი ამგვარად გაისმის, თუნდაც ზაალ უდუმაშვილის ნათქვამი, რომ ერთადერთი, რაც ხელისუფლებას უნდა მოველაპარაკოთ, არის ის, რომ ხელახალი არჩევნები როდის ჩატარდება და არაფრად დაგიდევენ იმას, გაყალბდა თუ არ გაყალბდა, საკუთარ მოვალეობადაც არ მიაჩნიათ, რომ ადამიანებს აუხსნან და მხოლოდ სიტყვა გაყალბების შემდეგი ეპიტეთებით შემკობაა მათი მსჯელობის დასაწყისიც და დაბოლოებაც, რა თქმა უნდა, არასწორი მოცემულობაა. ჩემი მოწოდებაა, რომ მართლაც კალაპოტში ჩავაყენოთ პროცესები, მართლაც მოვილაპარაკოთ არა ამ განწყობით, რომ ხელისუფლებას უნდა ელაპარაკონ მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, თარიღი როგორ გაირკვევა და ა.შ. - არა, დავიწყოთ ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით, მათი თითოეული მოთხოვნა, რამდენად არის არგუმენტირებული,"- განაცხადა "დღის კურიერში" მიხეილ სარჯველძემ.
მიხეილ სარჯველაძემ ნიკა მელიას პატიმრობის შესახებ და ირაკლი ღარიბაშივლის საპარლამენტო ტრიბუნიდან გაკეთებულ განცხადებებზეც ისაუბრა.
"როდესაც კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი გამოდის ინიციატივით, თან მდგომარეობა აქვს შექმნილი ისეთი, რომ ის არ ემორჩილება სასამართლოს აქტს და წინაპირობა ისეთია, რომ პატიმრობაში არმოსახვედრად ყველაფერი მის ხელთ იყო გადასაწყვეტად, ასეთ დროს შეიძლება კი, ის ადამიანი, ვინც კონსტიტუციას და სახელმწიფოს უპირისპირდება, ვისმენდეთ იმ ადამიანისგან კრიტიკას, ძალადობის მუქარის გამოყენებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, ახსნა ბატონმა ირაკლიმ, კონკრეტულ კანონიერ განაჩენთან დაკავშირებით, აქ არაფერი არანორმალური არ მომხდარა, ყველაფერი სწორი იყო, კანონის ფარგლებში და რელევანტური,"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ნიკა მელია როგორმე მოხვდეს ციხეში.
"ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ნიკა მელია როგორმე მოხვდეს ციხეში. სასამართლო გადაწყვეტილება არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით და ვერ მეტყვით ვერცერთ სახელმწიფოს დედამიწის ზურგზე, რომელის კონსტიტუციაშიც არ წერია იგივე პრინციპი, ეს არის სახელმწიფოს ფუნდამენტური პრინციპი, რომ სასამართლო აქტები უნდა შესრულდეს,"-განაცხადა "დღის კურიერში" სარჯველაძემ.