პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა ალეკო ელისაშვილმა პრემიერმინისტრობის კანდიდატს კითხვით მიმართა და შეახსენა ბიძინა ივანიშვილის განცხადება.
ელისაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, იყვნენ თუ არა მისი ნათესავები კორუფციულ საქმეში ჩართულები?
"რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მე ვაფრთხილებდი ირაკლი ღარიბაშვილს, მისი მთავარი პრობლემა იქნებოდა ნათესავებიო.
შემდეგ თქვენ დაადასტურეთ, რომ თქვენი პრობლემა მართლაც იყო ნათესავები და თქვით, რომ გარჩევებიც მქონდა ამ ხალხთანო და ზოგიერთი მათგანი ჩვენთან სახლში ვერც მოდისო.
თუ შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ არ უშვებდით და არ უშვებთ ამ ხალხს სახლში, რა დააშავეს მათ, მედიაში მოინათლა როგორც ე.წ. კახური კლანი და იყვნენ თუ არა ისინი ჩართულები კორუფციულ სქემებში? თუ კორუფციულ სქემებში იყვნენ ჩართულები, რამდენად ადეკვატურია, რომ უბრალოდ, სახლში არ უშვებთ ამ ხალხს, იქნებ მათ ე. წ. სისხლის სამართლის წესით უნდა ეგოთ პასუხი? დიდი მარჩიელობა არ უნდა იმას, რომ დღეს, თქვენ აგირჩევენ პრემიერად და რა გარანტიაა იმის, რომ როგორც წინა პრემიერი იტყოდა, ქართულ ჯიგრულ პონტში, ისევ არ დაფაცურდება ის ხალხი", – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.